ევროპის კავშირთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომები მომზადდა საჯარო-მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში და გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ევროპის კავშირის სამართლის სახელმძღვანელოს მიზანია სამართლის, საერთაშორისო სამართლის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა ქართულ ენაზე შეიძინონ ფართო და სისტემური ცოდნა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ჩამოუყალიბებს პრო-ევროპულ სულისკვეთებას, განწყობებსა და შეხედულებებს, ასევე ხელს შეუწყობს ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში სტუდენტები როგორც მომავალი პრაქტიკოსების, მკვლევარების, მოხელეების სამეცნიერო, კვლევითი, ანალიტიკური, საინფორმაციო ხასიათის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას. ევროპის კავშირის სახელმძღვანელოს უპირველე ყოვლისა, აქვს საგანმანათლებლო მიზანი, თუმცა მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ფართო საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ევროპის კავშირზე სრულყოფილი, საბაზისო ინფორმაციის მიწოდების გზით.
ევროპის კავშირის სამართლის სახელმძღვანელო მიმოიხილავს ევროპის კავშირის მიზნებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას; ევროპის კავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა (ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები) და კავშირიდან გასვლის წესებსა და პირობებს; ევროპის კავშირის კომპეტენციებს, მათი განხორციელების ფორმებს, წესებსა და პირობებს, ამ მიმართულებით ეროვნული ზედამხედველობის მექანიზმებს; ევროპის კავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროპის კავშირის ძირითადი ინსტიტუტების ფორმირებასთან, უფლებამოსილებებთან, საქმიანობის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს; ევროპის კავშირის სამართლის უშუალოდ მოქმედებისა და გამოყენების პირობებსა და კრიტერიუმებს; ევროპის კავშირის სამართლისა და ეროვნული სამართლის ურთიერთდამოკიდებულებასთან, ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა და სხვადასხვა საკონსტიტუციო სასამართლოების პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს; ევროპის კავშირის საკანონმდებლო პროცედურებს, საკანონმდებლო აქტების მიღებისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ეტაპებს; ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუციურ და სამართლებრივ სისტემას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე ევროპის კავშირის მიერთების პროცესს, ექვივალენტური დაცვის დოქტრინას და ა.შ.
ხსენებული სახელმძღვანელო ევროპის კავშირის სამართლის პირველი ნაწილია, მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში. ევროპის კავშირის სამართლის მეორე ნაწილი დაეთმობა ეკონომიკურ სამართალსა და მართლმსაჯულების განხორციელების ფორმებს.
ევროპის კავშირის ცნობარი ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის ენციკლოპედიაა, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს მარტივ, გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მისი ამოცანაა ევროპის კავშირთან მიმართებაში შეავსოს საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული დეფიციტი და ხელის შეუწყოს პრო-ევროპული განწყობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ევროპის კავშირის ცნობარში ანბანური თანმიმდევრობით სისტემატიზირებული და მარტივ, გასაგებ ენაზე დეფინირებულია ევროპული ინტეგრაციის მიზნებისთვის 220 რელევანტური ტერმინი, ცნება, პრინციპი, სფერო, სხვადასხვა მიმართულებით წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხი.
მონოგრაფიაში „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის პროცესში“ გაანალიზებულია ექსტრადიციის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები კრიტიკულ ჭრილში, როგორც სამართლებრივი აქტების, ასევე ევროპული სასამართლოებისა და ცალკეული საკონსტიტუციო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის ჭრილში.
მონოგრაფიის მიზანია შეაფასოს ექსტრადიციის ქვაზი-ევროპული სისტემის დაფუძნებამ რა გავლენა იქონია ევროპაში ექსტრადიციის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე, ექსტრადიციის მიმართულებით ევროპული ინტეგრაციის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება განხორციელდა თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის შემცირების ხარჯზე. მონოგრაფია მიზნად ისახავს ექსტრადიციის სფეროში ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ფარგლებში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების შესწავლასა და იმ კოლიზიური შემთხვევების იდენტიფიცირებას, რომლებიც არსებობს როგორც ნორმატიულ განზომილებაში, ასევე ღირსების უფლებასთან და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან მიმართებაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.