თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში არსებულმა ცვლილებებმა კაცობრიობა მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ბოლო ათწლეულების მანძილზე საერთაშორისო პოლიტიკურმა სისტემამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის დაშლა და მეორე მხრივ კი ახალი საერთაშორისო სისტემების დამკვიდრება. აღნიშნული გარდაქმნები შეეხო ყველა ტიპის სახელმწიფოს – განვითარებადს, განვითარებულს, დიდსა თუ პატარას. განსაკუთრებით მწვავე ვითარება შეიქმნა ტერიტორიულად პატარა, ეკონომიკურად სუსტ და სოციალურად არამდგრად სახელმწიფოებში, რომლებიც საერთაშორისო სივრცეში მხოლოდ თავის დამკვიდრებაზე, თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულნი.
ნაშრომის მთავარი მიზანი თანამედროვე ტრანსფორმირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური ლიდერის როლის განსაზღვრაში მდგომარეობს. აღნიშნული საკითხი მოითხოვს პოლიტიკური ლიდერის ფენომენის კვლევას თანამედროვე პოლიტიკური სამყაროს მოთხოვნების გათვალისწინებით და სათანადო რეკომენდაციის შემუშავებას ეფექტურად მოქმედი პოლიტიკური ლიდერობისთვის. ამ ურთიერთობაში პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური ლიდერის, როგორც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და მმართველი სუბიექტის მოღვაწეობის სფეროს კვლევა.
ნაშრომში გამოკვეთილია გარემოება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ლიდერის პრობლემატიკა ყველა დროის აქტუალური საკითხია. პოლიტიკაში ლიდერობა ეს ხელმძღვანელობის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც სახელმწიფოზე, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ლიდერის პირადი თვისებები, იმდენად რამდენადაც თავისი ქმედებით მნიშვნელოვანწილად სწორედ ლიდერი, არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სახელმწიფოს როლს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. თანამედროვე PR-ტექნოლოგები საზოგადოების არსის მნიშვნელობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ლიდერი, როგორც წესი უნდა აღიქმებოდეს როგორც „ერთერთი ჩვენთაგანი“ და იმავდროულად როგორც „საუკეთესო ჩვენს შორის“.
წინამდებარე ნაშრომი იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს კონცეფცია პატარა ქვეყნის შესახებ. საქართველო, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, პატარა ქვეყანაა. დღეს მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი პატარა ქვეყნების შესახებ, რადგან უმეტესობა ქვეყნებისა პატარაა. კვლევის საკითხია პატარა ქვეყნის დეფინიცია, რომელიც მრავალგვარია. მეცნიერები პატარა ქვეყანას სხვადასხვა კონტექსტში განიხილავენ, საბოლოო ჯამში კი ნაშრომში ჩამოყალიბებულია კონცეფცია პატარა ქვეყნის (საქართველოს) შესახებ.
მონოგრაფიის მთავარი ამოცანა გახლავთ ქვეყნის როგორც ისტორიული წარსულის კვლევა, ასევე მისი სამომავლო ხედვების განსაზღვრა. რაც საბოლოო ჯამში ხსნის დასახულ ამოცანას, კერძოდ, ისეთი თანამედროვე პოლიტიკური ლიდერის ტიპაჟის შექმნა, რომლსაც გათვალისწინებული ექნება ყველა დაშვებული შეცდომა, გააზრებული ექნება სწორი პოლიტიკური კურსი, რასაც სამომავლოდ გამოიყენებს იმისათვის რომ პატარა ქვეყანა გამოიყვანოს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან. ამდენად პოლიტიკური ლიდერი მეტად სპეციფიკური სუბიექტია, რომელსაც გამორჩეული, პოზიტიური და კომპლექსური უნარ-ჩვევები უნდა ახასიათებდეს, რომელთა შორის აუცილებელია რამდენიმე თვისებების დომინირება. აღნიშნული ნიშან-თვისებები ყველა ქვეყნის მაგალითზე სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს ფორმირებული.
ყოველივე აქედან გამომდინარე ავტორების მიერ მონოგრაფიაში ნაპოვნია მიგნება - საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას უნდა ჰქონდეს „დიდი ჭკუა“, ხოლო დიდ ჭკუაში იგულისხმება – ლიდერის სიბრძნე, რაციონალიზმი, ნიჭიერება, ამბიციურობა, მართვის უნარი და საჭირო მომენტში ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების აუჩქარებლად, რაციონალურ პრინციპებზე დაყრდნობით მიღების ნიჭი.