პროექტის დასახელება
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაცია სამეცნიერო და პროფესიულ წრეებში.
განხორციელების ადგილი
საქართველო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
განხორციელების ვადა
პროექტი განხორციელდება 5 წლის განმავლობაში, 2018 წლის დეკემბრიდან 2024 წლის იანვრამდე.
პროექტის აღწერა
ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების კონსტიტუციის დონეზე დეკლარირების შემდგომ 2018 წლის სექტემბერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2018-2023 წლის განმავლობაში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით 3 სახელმძღვანელოს, (ევროპის კავშირის სამართალი (პირველი ნაწილი), ევროპის კავშირის სამართალი (მეორე ნაწილი, ექსტრადიციის ქართული და ევროპული სამართალი), მონოგრაფიისა და საინფორმაციო ხასიათის ნაშრომის მომზადებას.
ევროპის კავშირის სამართლის სახელმძღვანელო მომზადებულია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის. სახელმძღვანელო სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს საშუალებას აძლევს ქართულ ენაზე ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეიძინოს ფართო და სისტემური ცოდნა. ევროპის კავშირის სახელმძღვანელოს აქვს როგორც საგანმანათლებლო, სასწავლო, ასევე პოლიტიკური, სოციალური მნიშვნელობა, იგი ხელს შეუწყობს საქართველო ევროპულ ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას.
ევროპის კავშირის ცნობარი ენციკლოპედიური, საინფორმაციო ხასიათის ნაშრომია, რომელიც გათვლილია ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებზე. იგი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ევროპის კავშირთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. ცნობარში ევროპული ინტეგრაციისთვის რელევანტური 220 ტერმინი, ცნება და საკითხი ანბანური თანმიმდევრობით არის დეფინირებული. ცნობარი ევროპული ინტეგრაციით დაინტერესებულ პირს აწვდის ინფორმაციას მარტივ, გასაგებ ენაზე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პრო-ევროპული განწყობების, შეხედულებების გავრცელებას. ევროპის კავშირის ცნობარი შეასრულებს ე.წ. სამაგიდო წიგნის ფუნქციას სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, ზოგადად ევროპული ინტეგრაციით დაინტერესებული პირებისთვის.
ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში მონოგრაფია „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის პროცესში“ არის ერთადერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც იკვლევს ექსტრადიციის ევროპული და ქვაზი-ევროპულ სისტემებს ადამიანის უფლებების კონტექსტში. მონოგრაფიაში შესწავლილი და გაანალიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ფარგლებში არსებული საექსტრადიციო რეჟიმები, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო აქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, წამყვანი ევროპელი მკვლევარებისა და მეცნიერების მონოგრაფიები, სტატიები, დოქტრინები.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ევროპული ინტეგრაციის პოპულარიზაციას, საზოგადოებაში, პროფესიულ წრეებშ ევროპის კავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
მიზნობრივი ჯგუფი
ევროპის კავშირის სამართლის სახელმძღვანელოს სამიზნე ჯგუფია: სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, ასევე ევროპული ინტეგრაციის სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.
ევროპის კავშირის ცნობარის სამიზნე ჯგუფია სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეებზე დასაქმებული მოსამსახურეები, სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები, მოსამართლეები, სასამართლო ხელისუფლების სისტემაში დასაქმებული სხვა პირები, ევროპული ინტეგრაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.
მონოგრაფიის „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის პროცესში“ სამიზნე აუდიტორიაა მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, ექსტრადიციის საკითხებზე მომუშავე საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს სისტემის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლები, ევროპის კავშირის სამართლით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციური სისტემით, სისხლის სამართლის პროცესით, ექსტრადიციის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარები, მეცნიერები, დოქტორანტები, სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.
პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი
პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 591 109 515; ელ. ფოსტა: g.mirianashvili@gruni.edu.ge