საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები
GeoEng

საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სახელმძძვანელო საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები.

 

ავტორები:

ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი.

 

წიგნის მოკლე ანოტაცია:

 

2017 წელს საქართელოში მორიგი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა.  კონსტიტუციის გადასინჯვა 1999 წლიდან მოყოლებული პერმანენტულად მიმდინარეობდა, მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც იწვევდა ძირითადი კანონის ფუნდამენტურ ცვლილებას, 2017 წლამდე, ორჯერ - 2004 და 2010 წლებში განხორციელდა. სამივე საკონსტიტუციო რეფორმა სახელმწიფო მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას ან არსებულის საფუძვლიან გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

 

სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმის ძიება 2017 წელს კლასიკური საპარლამენტო მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებით დასრულდა.

 

საქართველოში თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის განვითარებას კი კარგად ასახავს ტენდენცია - „საპრეზიდენტონდან საპარლამენტოსკენ“. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით მმართველობის ფორმად განსაზღვრული იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა. პირველი, 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმით იგი ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემით შეიცვალა. თუმცა, შეკავება-დაბალანსების მექანიზმი იმდაგვარად იქნა ფორმირებული, რომ შედეგად ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა ჩამოყალიბდა. მეორე, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა, ძირითადად პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი. რეფორმის შედეგად აღმასრულებელი ხელისუფლება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისდამი პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება პრაქტიკულად, თითქმის შეუძლებელი იყო. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ასევე შეუსაბამო იყო პრეზიდენტისა და მთავრობის „დუბლირებული“ უფლებამოსილებები. რადგან 2010 წლის რეფომით, მოქმედი კონსტიტუცია „გაუმართავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“ ადგენდა, მესამე, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის მთავარ ამოცანად განისაზღვრა საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. 

 

2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ნათქვამია: „საკონსტიტუციო რეფორმა ამთავრებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესს და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს, ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ძირითადი უფლებების დაცვას“.

 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს საქართველოში განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ დაასრულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი.

 

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოს ახალი სახელმწიფო მოწყობის, კონსტიტუციური ინსტიტუტების მოკლე, მაგრამ ინფორმატიურ დახასიათებას, მათი არჩევის წესის, ფუნქციების და უფლებამოსილებების აღწერას. იგი ვერ იტვირთებს კონსტიტუციური სამართლის თეორიული კურსის მისიას, რადგან არ არის განკუთვნილი კონსტიტუციური სამართლის სფეროში სრული თეორიული ცოდნის მისაღებად.

 

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, იურისტებისთვის, სახელმწიფო მოხელეთათვის და სახელმწიფო მოწყობით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ასევე საინტერესოა სახელმწიფო მოწყობის სამართალში ცვლილებების გასაცნობად და ცოდნის გასანახლებლად. მისი გამოყენება ასევე რეკომენდირებულია კონსტიტუციური სამართლის ნაწილში ტესტირება/სერტიცირებისათვის, ადვოკატის, მოსამართლის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდებში მოსამზადებლად.

 

აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს შედის. გარდა ამისა, თანდართულია 2017 წელს მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.