პროექტის დასახელება
პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა სივრცეში
განხორციელების ადგილი
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა განხორციელდება საქართველოში.
განხორციელების ვადა
პროექტის განხორციელების ვადაა: 2019 წლის ივნისი - 2020 წლის ნოემბერი
მიზნობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური განვითარებით დაინტერესებული მკითხველები, პოლიტიკოსები, აკადემიური წრეები, სტუდენტები.
პროექტის აღწერა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონოგრაფიის - პატარა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის დილემა პოსტსაბჭოთა სივრცეში - მომზადება. მონოგრაფია ეხება ქვეყნის ლიდერობისა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. ნაშრომში განხილული იქნება პოლიტიკური ლიდერობის ფილოსოფიური საფუძვლები, ჩატარებული იქნება ლიდერობის ფენომენის ისტორიული ანალიზი ანტიკური ეპოქიდან დაწყებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა პოლიტიკური ლიდერების გამოცდილებას და გამოტანილი იქნება დასკვნა საქართველოს პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო უნარ-თვისებების შესახებ, რაც სასარგებლო უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები და წარმატებით დასრულდეს მმართველობის სოციალისტური მოდელიდან დემოკრატიულ მოდელზე გადასვლა. ლიდერობის შესახებ მრავალი ნაშრომია შექმნილი, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ლიდერის პრობლემატიკა წარმოადგენს ჯერ კიდევ არასრულფასოვნად გამოკვლეულ სფეროს. ამდენად წარმოდგენილი ნაშრომი გამოირჩევა საკითხის დასმის სიახლითა და ანალიზის ორიგინალურობით, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში.
მიზანი
თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალმხრივ არის გააანალიზებული თანამედროვე ლიდერისთვის საჭირო მახასიათებლები, ჩამოყალიბებულია ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც უნდა გააჩნდეს წარმატებულ პოლიტიკურ ლიდერს. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრეით მწვავეა, რაც განპირობებულია ქვეყნის ისტორიული განვითარებით და არსებული რეალობებით. ამდენად, პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს საქართველოსთვის საჭირო სპეციფიკური ხასიათის უნარ-ჩვევების მქონე პოლიტიკური ლიდერის ზოგადი სახე, რომელიც მოახერხებს პოლიტიკურ-ეკონომიკური საფრთხეების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე პატარა ქვეყანაში ისეთი მმართველობის დამკვიდრებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხო არსებობისათვის და ეკონომიკური კეთილდღეობის დასამკვიდრებლად ეფექტიანი და ეფექტური ლიდერობის მეშვეობით.
პროექტის განხორციელება
პროექტი ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში. დაიგეგმა კვლევის მეთოდები, მომზადებულია კვლევის სტრუქტურა, მოძიებულია შესაბამისი ლიტერატურა.მასალები. პროექტის მართვას, კვლევის პროცესს სამეცნიერო ზედამხედველობას უწევს ანა ფირცხალაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. პროექტის დასრულების შემდეგ დაიბეჭდება მონოგრაფია.
პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი
პროექტის კოორდინატორი და სამუშაო ჯგუფი: ხათუნა მურადიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის საჯარო მმართველობის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ბაღათურია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორი.
მის.: მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ.; მახინჯაური - თამარ მეფის გამზ N60.