იტვირთება...
ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში (მონოგრაფია)
GeoEng

ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში (მონოგრაფია)

ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში (მონოგრაფია)

 

ევროპული კავშირის მსგავსი პოლიტიკური ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური ერთიანობა დღეს მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენად განიხილება. მასში დამკვიდრებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები უნიკალური ღირებულებით სისტემად განიხილება.

 

მონოგრაფია „ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები ევროპული კავშირის სამართალში“ ეძღვნება სამართლებრივ სიკეთეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანის - ადამიანის უფლებების დაცვას. სწორედ ეს უკანასკნელი არის ევროპული კავშირის, როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და იმავდროულად მისი საფუძველი. ადამიანის უფლებათა მაღალი და ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება და შენარჩუნება არის ევროპული კავშირის იდეის არსი და მისი მომოძრავებელი ძალა. ერთი შეხედვით უდავო ჭეშმარიტება შესაძლოა ურთიერთწინააღმდეგობრივ ეფექტსაც კი იწვევდეს. საინტერესოა, ხომ არ უქმნის უფლებათა დაცვის ევროპული კავშირის სტანდარტი ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს საფრთხეს? ევროპული კავშირის სტანდარტის შენარჩუნების მიზნებისათვის ხომ არ არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა თანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საფრთხის შემცველი?

 

უფრო კონკრეტულად კი - პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - უნდა გაუთანაბრდეს თუ არა ადამინის უფლებათა დაცვის ევროპული კავშირის სტანარტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტები ან/და იმ წევრ სახელმწიფოთა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, რომელთა სამართლებრივი სისტემა ძირითადი უფლებების დაცულობით აღემატება ევროპული კავშირის სტანდარტებს? აქ ერთმანეთის საპირწონედ სხვადასხვა ღირებულებითი სისტემები დგანან: პირველი - ევროპული კავშირის, მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მესამე - ეროვნული იდენტობა.

 

თუ ევროპული კავშირის სამართლის ნორმებით დაცული ადამიანის უფლებათა სტანდარტები, ევროპული კონვენციისა და ეროვნულ სისტემებზე მაღალია, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, დაუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ცალსახაა. თუმცა საკამათოა შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ან/და ევროპული კონვენციის სტანდარტი აღემატება ევროპული კავშირის სტანდარტებს. აღნიშნულზე დავა სამართლის ყველა სფეროში, მეცნიერებაში, სასამართლო პრაქტიკაში, ევროპული კავშირის პოლიტიკის დონეზე აქტუალურია. სწორედ ამ პრობლემის კვლევას ეძღვნება წარმოდგენილი მონოგრაფია. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლის და ევროპული კავშირის სამართლის შესწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მეცნიერულ დისკურს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული მონოგრაფია გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული პოლიტიკის განვითარების ტენდენციები“ ფარგლებში. მასში ჩართული იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სამართლის სკოლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტები.

 

წარმოდგენილი კვლევა საინტერესოა სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე მკვლევარებისთვის, იურისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროპული სამართლით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლით დაინტერესებული პირებისათვის. ანა ფირცხალაშვილი გიორგი მირიანაშვილი.

 

 

ანა ფირცხალაშვილი

გიორგი მირიანაშვილი