გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში არსებულ მდგომარეობასა და იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. მათი ინიციატივით ამ საკითხებზე სასაუბროდ მოწვეული სპეციალისტები და გამართული შეხვედრებიც ადასტურებს ამას.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან.
მიმდინარე წლის 17 აპრილს გაფორმებული მემორანდუმით, მხარეები შეთანხმდნენ თავიანთი უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების ფარგლებში შეიმუშაონ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარებისაკენ მიმართული ერთობლივი პროგრამები და პროექტები, მოამზადონ სამეცნიერო და სხვა შინაარსის ექსპედიციები, განახორციელონ შრომითი ვიზიტები სტუდენტთა შრომითი ჩვევების, კვალიფიკაციის ამაღლების, გარემოსთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, უნივერსიტეტის ბაზაზე მოამზადონ დაცული ტერიტორიებისათვის საჭირო კადრები და გადაამზადონ ადგილობრივი კადრები. ხელი შეუწყონ რეგიონის დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სხვადასხვა სერვისის შექმნას, მათ შორის, საცხენოსნო ტურიზმისათვის. შეიმუშაონ აქტივობები დაცული ტერიტორიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს: უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით მარკოზაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიაშვილმა და საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დათა ცირეკიძემ. აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და აკადემიურ სფეროს შორის ამგვარი თანამშრომლობის დაწყება მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ფაქტია.