ტურიზმის პროგრამის პროფესორები - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის პროგრამის პროფესორები - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პარტნიორებთან – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციასთან,  GIS-ის აკადემიასა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალურ ცენტრთან - ერთად მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს უმასპინძლა.

 

კონფერენცია - ,,მთის მდგრადი განვითარების სწავლება - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“,  განხორციელდა „კონკურენტული ინოვაციის ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის - CIF-2-2024-05, ფარგლებში, რომელიც მთის მდგრადი განვითარების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს.

 

ფორუმი მიზნად ისახავდა ცოდნის გაცვლას, ინტერდისციპლინური დიალოგისა და შესაძლებლობების განვითარებას პროფესორებს, პრაქტიკოსებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან მთის მდგრადობის კვლევის საკითხებში.

 

სასესიო მუშაობისას  ქართველმა და იტალიელმა მკვლევრებმა განიხილეს ახალი სამეცნიერო და პრაქტიკული მიდგომები, ისაუბრეს: კლიმატის მდგრადობის, ბიომრავალფეროვნების, მდგრადი მეწარმეობისა და მთის ტურიზმის შესახებ. ფორუმზე 30-ზე მეტი მოხსენება იქნა წარმოდგენილი. გრუნის ასოცირებული პროფესორების - მაია მელაძისა და მაკა ფირანაშვილის, მოხსენებები შეეხო: საველე ტურების, როგორც მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის კომპონენტს.

 

ფორუმის პარალელურად ქართველი პროფესორებისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგი – “სილაბუსის დიზაინი და შექმნა”. ტრენერებმა განათლების სპეციალისტებს, სასწავლო პროგრამების შემქმნელებსა და აკადემიურ ლიდერებს, მთის სპეციფიკურ კონტექსტზე მორგებული სილაბუსების შექმნის პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური ტექნიკა შეასწავლეს, გაუზიარეს წარმატების მაგალითები, სასწავლო რესურსები და პედაგოგიური გამოცდილება, რომლებიც შესაძლებელია, ადაპტირებული იქნეს სხვადასხვა გარემოში.

 

მოწონება დაიმსახურა გრუნის ასოცირებული პროფესორების - მაკა ფირანაშვილისა და მაია მელაძის, ტრენინგმა: „აქტიური სწავლების ინტეგრირება სოციალური და ეკონომიკური საგნების სასწავლო გეგმებში“.

 

ფორუმისა და ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. ფორუმზე წარდგენილი მოხსენებები გამოიცემა კრებულად.

 

https://www.unimontagna.it/en/unimont-at-the-tbilisi-international-forum-academic/