25 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია.
აჭარის დასაქმების სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან წარადგინეს ის პროგრამები, რომლის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან. პროგრამა ხორციელდება სპეციალურად სტუდენტისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, სტაჟირებას პროფესიული მიმართულებით.
პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით და 2023 წელს “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 50 სტუდენტს. სტუდენტები დამატებით გაივლიან მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგკურსებსაც.
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობა გრძელდება გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძემ.