ქეთევან კუხიანიძე სტრადინას უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქეთევან კუხიანიძე სტრადინას უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურის კურსდამთავრებული, ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუხიანიძე სამეცნიერო - კვლევითი პროექტის ფარგლებში ლატვიაში, რიგის სტრადინას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

 

2021 წლის ივნისში მან ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პოსტდოქტორის სტიპენდია მოიპოვა. მისი კვლევითი პროექტი - “მშობლის მზრუნველობამოკლებული ბავშვის უფლებების დაცვა ალტერნატიული ზრუნვის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფოში (შედარებითი ანალიზი)“, მსოფლიოს 27 ქვეყნიდან წარმოდგენილ 87 განაცხადს შორის 24 საუკეთესო კვლევით პროექტში დასახელდა.

 

ქეთევან კუხიანიძემ კვლევა რიგის სტრადინას უნივერსიტეტის ევროპამცოდნეობის დეპარტამენტში განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ჩაწერა ინტერვიუ ლატვიის მთავრობისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან; ის, ასევე, მონაწილეობდა „ერასმუსის“ მიერ გამართულ დისკუსიაში და თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს; ახალგაზრდა მკვლევარი დაესწრო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის მარის ანძანსის საჯარო ლექციასა და ვორკშოფს. უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით დაიგეგმა მისი საჯარო ლექციების ციკლიც.

 

ქეთევან კუხიანიძე, ამავდროულად, რიგის სტრადინას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ჟურნალ „სოკრატეს“ სამეცნიერო საბჭოს წევრია და აფასებს ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების მსურველ ავტორთა ნაშრომებს.

 

მისი ინიციატივით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გრუნის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ბილეტერალური შეთანახმების საფუძველზე, სტრადინას უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ქეთევან კუხიანიძეს პოსტდოქტორის სტიპენდიის ფარგლებში მიღწეულ ამ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.