ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და გიორგი მაჩაბლის ფონდის ერთობლივი გამოცემის – ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ მორიგი, მე-5 (8) ნომერი (რედაქტორი ოთარ ჯანელიძე).

 

უკვე მე-6 წელიწადია, „ქართული ემიგრაცია“ არის ერთადერთი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ქართული ემიგრაციის საკითხებს აშუქებს. ამ წლების მანძილზე ჟურნალის რედაქციამ თავის გარშემო შემოიკრიბა ქართული ემიგრაციის თემაზე მომუშავე თვალსაჩინო ქართველი მეცნიერები თუ ახალგაზრდა მკვლევრები, გამოავლინა დიდძალი დღემდე უცნობი საარქივო მასალა, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა მრავალი ახალი წყარო თუ დოკუმენტი.

 

ჟურნალს აქვს ტრადიციული რუბრიკები: „ქართული ემიგრაციის ისტორია“, „მასალები ქართული ემიგრაციის ისტორიისათვის“, „ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობა“, „ემიგრაციის მარშრუტები“, „რეცენზია, გამოხმაურება“, „ახალი წიგნები ქართულ ემიგრაციაზე“, „ქრონიკა“ და „ჟურნალის ავტორები“.

 

ჟურნალის ამ ნომერში დაბეჭდილია სხვადასხვა ავტორის შვიდი სამეცნიერო და ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობის წარმომჩენი სამი სტატია, მემუარული ხასიათის ერთი ტექსტი და ექვსი რეცენზია-გამოხმაურება ემიგრაციის პრობლემებისადმი მიღვნილ ახალ გამოცემებზე; გარდა ამისა, მკითხველი გაეცნობა საყურადღებო „საპროექტო წინადადებასა და სინოფსისს დოკუმენტური ფილმისათვის“ ქართული ემიგრაციის შესახებ; ჟურნალს ერთვის ქართული ემიგრაციის თემაზე 2018-2019 წლებში დაბეჭდილი წიგნების ბიბლიოგრაფია და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ჟურნალის ამ ნომრის ავტორთა შესახებ.

 

საიტის მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას.

 

დაწყებულია სტატიების მიღება ჟურნალის მომდევნო ნომრისათვის.