მიმდინარე წლის 24-26 მაისს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”, რომელიც მიეძღვნა ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის - პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგიის“ შემოღების 140 წლისთავს.
კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში საინტერესო საქმიანი შეხვედრები გაიმართა პარტნიორ უნივერსიტეტებსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში.
24 მაისს აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ. მეცნიერებთან შეხვედრა სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში გაიმართა, რომელსაც ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე ამერიკული კრიმინოლოგიის სისტემის სწავლების მეთოდიკა განიხილეს. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
იმავე დღეს კონფერენციის მონაწილე უცხოელი სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორსაც შეხვდნენ.
25 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა.
კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების, სხვადასხვა ასპექტი, კერძოდ: „კრიმინოლოგიასა და მართლმსაჯულებაში სამხილებზე დაფუძნებული პრაქტიკის ცვლილების მოდელი“; „კრიმინოლოგიის თეორიის ზოგიერთი პრობლემა“; „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის კრიმინოლოგიური ასპექტები“; „ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია: სამართლებრივი მიდგომები და შედარებითი ანალიზი“; „აქსიოლოგიისა და კრიმინოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები“; „ნულოვანი ტოლერანტობის“, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა გამოძიების ფორმებსა და მეთოდიკაზე“; „კრიმინოლოგიური აზროვნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ჭრილში“; „მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების სისტემა აშშ-ში“; „ტრანსნაციონალური დანაშაულობის განვითარების ძირითადი ტენდენციები“ და სხვ.
კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრომინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მალხაზ ბაძაღუამ, დისკუსიაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალ „კრიმინოლოგში“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო პროფესორებს: მინდია უგრეხელიძეს, მაინჰუნ როს, ჯეი-სან ლის და ვიტალი კვაშისს, თენგიზ ქავთარაძეს - აკადემიის საპატიო წევრის დამადასტურებელი დიპლომები.
კონფერენციის ფარგლებში 27 მაისს პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი-სან ლი შეხვდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. შეხვედრაზე თანამედროვე კრიმინოლოგიის აქტუალურ პრობლემების შესახებ ისაუბრეს.