გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ა(ა)იპ მართლმსაჯულების სახლთან თანამშრომლობითა და USAID/Georgia-ს სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აძლიერებს მომავალი იურისტების პრაქტიკული და პიროვნული უნარების ფორმირებასა და ხელს უწყობს მათ პროფესიონალებად აღზრდას.
აპრილში მართმსაჯულების სახლმა წარმატებით დაასრულა ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა იმიტირებული სასამართლო პროცესით სამართლის მე-3 ჯგუფის მსმენელებთან, რომელშიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები და ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეებს შორის იყვნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრეთვე, სერტიფიცირებული იურისტები და სამართლის სპეციალისტები.
მონაწილეებმა გაიარეს შვიდი სასწავლო კურსი, რომლებიც მოიცავდა ისეთ თემებს როგორებიცაა: კომუნიკაციის ხელოვნება, ემოციური ინტელექტი, პრაქტიკული სავარჯიშოები სამოქალაქო სამართლის საქმეების სამართავად, მოლაპარაკების ხელოვნება, მედიაცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელზეც სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.