ახლად არჩეული და მოწვეული პერსონალის საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, მ.წ. 21-23 სექტემბერს, ჩაატარა სწავლება, რომელშიც თბილისის კამპუსის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალიც მონაწილეობდა. ტრენინგის ცალკეულ თემატურ სექციას უძღვებოდნენ: რექტორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში გულნაზ გალდავა, რექტორის მოადგილე სწავლა-სწავლების საკითხებში გიორგი მირიანაშვილი, რექტორის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში მოგელი შენგელია, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ნანა ყუბანეიშვილი, ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი ნათია ტაბატაძე.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნეს უნივერსიტეტის მისია, ორგანიზაციული სტრუქტურა, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსი, აკადემიური თავისუფლების პრინციპები, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციები; განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლება-სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები და ფორმები, უპასუხეს მათ შეკითხვებს.