გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ტელეკომპანია „იმედისა” და „ლიბერთი ბანკის” ერთ - ერთი დამფუძნებელი - ირაკლი რუხაძე.
საპატიო სტუმარმა დაათვალიერა გრუნის სასწავლო გარემო, დეტალურად გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და ბიზნესის მიმართულებებით დაინტერესდა.
უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრში გაიმართა დისკუსია, სადაც განიხილეს მედიის, როგორც ბიზნესის, პერსპექტივის, საეკრანო პოლიტიკისა და „რეიტინგის დიქტატურით“ გამოწვეული ღირებულებების რღვევის საკითხები.
ირაკლი რუხაძემ მომავალ ჟურნალისტებს დაუფარავად გააცნო ის რეალობა, რასაც თანამედროვე მედიაბაზარი მოითხოვს. დისკუსია გამოიწვია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხების განხილვამაც.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მოსაზრება თანამშრომლობისა და ერთობლივი სატელევიზიო პროდუქტის შექმნის თაობაზე.