უნივერსიტეტი და, მასთან ერთად, ჩვენი სკოლა ათეული წლების მანძილზე ამკვიდრებს მაღალ აკადემიურ კულტურას და ქმნის ინტელექტუალურ სიმდიდრეს, სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და დარგის აღიარებული მეცნიერებით. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების აღზრდაზე, რომლებიც კონკურნეტუნარიანნი იქნებიან არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
სკოლა აერთიანებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკა-მასობრივი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროგრამები აგებულია იმგვარად, რომ სტუდენტებმა, თეორიული ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარების გამომუშავება შეძლონ, რაც, დღეს, ესოდენ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის. სკოლაში ამ მიზანს ემსახურება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო, უნივერსტიტეტის რადიო სტუდია ალმა მატერი, მულტიმედიური ცენტრი და ბეჭდური ჟურნალისტიკის შემოქმედებითი სახელოსნო, ხოლო ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან პროფილურ ცენტრებსა და კლინიკებში.
საგანგებოდ მინდა გამოვყო სადოქტორო პროგრამა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც ფართო შესაძლებლობებს უქმნის დოქტორანტებს კვლევითი უნარების განვითარებისა და გამოვლენისათვის. ამისთვის შექმნილია ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე), ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი), სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც ეწევიან კვლევით საქმიანობას, ხოლო კვლევის შედეგები ქვეყნდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნირებათა სკოლა წარმატებით თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ჩვენი სტუდენტები ყოველწლიურად სარგებლობენ გაცვლითი პროგრამებით და ცოდნას ეუფლებიან ნანტის (საფრანგეთი), პორტოს (პორტუგალია), ადამ მიცკევიჩის სახელობის (პოლონეთი) უნივერსიტეტებში და ასევე, საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-თან თანამშრომლობით, საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში გაიარონ სტაჟირება.
ძვირფასო ახალგაზრდებო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ასოცირებულია ხარისხიან განათლებასთან, სანდო პარტნიორობასა და პროფესიონალ კადრებთან, რომლებიც მოხარული არიან გაგიზიარონ ცოდნა და მდიდარი გამოცდილება, რაც, დიდი ხანია, ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათად იქცა.