იტვირთება...
ადამიანის უფლებების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის პროექტები
GeoEng

ადამიანის უფლებების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის პროექტები

 

1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი განათლების პროექტი

ადამიანის უფლებების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფას მიიჩნევს, რაც მოსახლეობის პროფესიული მობილობის პროცესის მხარდაჭერასა და სპეციალისტთა გადამზადების მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ამ მიზნით ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელდა სოციალური მუშაობის სამართლებრივი ტრენინგი და პროფესიული გადამზადების პროექტი.

აღნიშნულ პროექტი ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშროლობისა და პარტნიორობის ფარგლებში შედგა.

წლის განმავლობაში სოციალურ მუშაკთა რამდენიმე ჯგუფში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი და ტესტირება, რომელსაც უძღვება უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.

 

 

2. სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო

“სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, რეფორმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის, საჭირო გახდა ცალკეული საკითხების სამართლებრივი განმარტებები, რაც მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელოს სახით.

სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო არის სოციალური მუშაობის რეფორმის აკადემიური ნაწილი. მიმდინარე წლამდე, საქართველოში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სოციალური მუშაობის სფეროს დაარეგულირებდა. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი იყო, კარგად ყოფილიყო გაწერილი სოციალური მუშაკების უფლებები და ვალდებულებები.

წიგნი, პირველყოვლისა, განკუთვნილია სოციალური მუშაკებისთვის, სახელმძღვანელო, ასევე, დააინტერესებს სოციალური მუშაობის სამართლის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებს - ადვოკატებს, მოსამართლეებს, სამართალდამცავებს, სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებს, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ სამეცნიერო მიმართულებით დაინახონ სოციალური მუშაობის სამართლის ძირითადი თავისებურებები.

სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და სამართლის დოქტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, ანა ფირცხალაშვილის ერთობლივ ნაშრომს წარმოადგენს.

ნაშრომი მომზადდა ა(ა)იპ დემოკრატიისა განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით და არის სოციალურ მუშაკთა ძირითადი სახელმძღვანელო.

 

 

3. სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში

ადამიანის უფლებების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარების მიერ მომზადდა პროექტი სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში, რომლემაც გაიმარჯვა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში.

პროექტი ეძღვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური და ეკონომიკური უფლებების, მისი დაცვის მექანიზმების, კანონმდებლობის აღსრულებისა და ეფექტიანობის მეცნიერულ შესწავლა- შეფასებას. პროექტს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი გამოყენება შეეძლებათ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს: სახელმწიფო სტრუქტურებს, სამოქალაქო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სექტორებს. იგი მოსახერხებელი წყარო იქნება პრაქტიკოსებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეგულირების ინსტრუმენტების გასაცნობად. შიდა ეკონომიკური საქმიანობის აქტიურმა თუ პოტენციურმა მონაწილეებმა შესაძლოა გამოიყენონ სხვადასხვა საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის მასალების მოსამზადებლად.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით კვლევა:

  • შრომის უფლება;
  • შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები;
  • პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობა;
  • გაფიცვის უფლება;
  • სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური დაზღვევა;
  • თანხმობაზე დაფუძნებული ქორწინების უფლება და არასრულწლოვანთა ქორწინება;
  • ოჯახის დაცვის სახელმწიფო გარანტიები;
  • დედების დაცვა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
  • ბავშვთა და მოზარდთა დაცვა სოციალური და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან;
  • ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ჰიგიენა;
  • ბრძოლა შიმშილის აღმოფხვრისთვის;
  • ჯანმრთელობის უფლება;
  • განათლების უფლება.

პროექტის განსაკუთრებული კვლევის საგანს წარმოადგენს ბავშვთა უფლებები სხვადასხვა ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით, რაც განსაკუთრებულად აისახება კვლევის საბოლოო ვერსიაში.

კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გააუმჯობესებენ საქართველოში მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, მათი აღსრულებისა და ეფექტიანობის ხაირსხს და აგრეთვე შესაბამისობაში მოიყვანს გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის საერთაშორისო პაქტთან, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ არსებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ სამართლებრივ სტანდარტებთან.

 

 

4. დასაქმების გამოწვევების კვლევა და საპილოტე მოდელის შემუშავების პროექტი

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული დასაქმების პოლიტიკისა და მისი შედეგებით დაინტერესება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება იწვევს სამუშაო ბაზის ეფექტურ სტიმულირებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებული გამოწვევების ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით, პირველ ეტაპზე მოხდა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა და საკითხის გაანალიზება შემდეგი მიმართულებებით:

  • დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები - მიღწევები და არსებული გამოწვევები
  • შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის;
  • უმუშევრობის სტრუქტურა საქართველოში;
  • სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულების ფენომენი, გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზები;
  • უმუშევრობა ახალგაზრდებში და შრომის ბაზარზე ინტერგაციის საკითხები;
  • ბავშვთა კარიერის დაგეგმვის საკითხები;
  • სახელმწიფოს როლი შრომის დემოტივაციის აღმოღფხრვასა და დასაქმების ხელშემწყობის მექანიზმების დანერგვაში;
  • საქართველოში მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციების საჭიროებები და გამოწვევები საკადრო პოლიტიკის კუთხით.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა დასაქმების კუთხით.

მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი მონაცემები, რომლებმაც საშუალება მოგვცა შევადგინა დასაქმების ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პოტენციალის შეჯერებული სურათი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფართო მასშტაბიანი ჩაღრმავებული და რაოდენობრივი ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან. ინტერვიუების დროს იდენტიფიცირებული იქნა უმუშევრობის გამომწვევი მთავარი ფაქტორები და დასაქმების ხელშემწყობი გარემოებები და პოტენციალი.

სოციალური კვლევის პარალელურად, მოხდა ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი სახელმწიფო დასაქმების მოდელის შესწავლა და შეფასება, კერძოდ:

  • დასაქმების მიმართულებით არსებული ავსტრიული კანონმდებლობის ანალიზი;
  • მიკრო საწარმოების მოდელების ანალიზი;
  • საჯარო მომსახურების პლატფორმების შემუშავების სამართლებრივი და ეკონომიკური ეფექტების განსაზღრა;
  • ასაკობრივი ჯგუფებისათვის დასაქმების ავსტიული მოდელის სამართლებრივი და ეკონომიკური ანალიზი;
  • ანალიზზე დაფუძნებული დასკვნებისა და მიგნებების ჩამოყალიბება.

ავსტრიული მოდელის შესწავლისა და სოციალური კვლევების შედეგების საფუძველზე შეიქმნა დასაქმების საპილოტე მოდელი.

შემუშავებული დასაქმების საპილოტე მოდელი ითვალისწინებს დასაქმების ბაზარზე არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის საგანამათლებო კომპონენტს, ემსახურება ბიზნეს-სექტორისა და სამუშაოს მაძიებელთა/სამუშაო ძალის მიღმა მყოფ პირთა საჭიროებებიდან გამომდნიარე მიზნებს და მისი განხორციელება შესაძლებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში არსებული რესურსების ბაზაზე.

კვლევები ჩატარდება ადამიანის უფლებების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. კვლევის პროცესში ჩართული იყვნენ სამართლისა და ეკონომიკის სპეციალობის მქონე აკადემიური პერსონალი, ასევე ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სოციოლოგიის სტუდენტები და დოქტორანტები. კვლევის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტში ჩართული იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიაზცეიბი, უმაღლესი საგანამანათლებლო სისტემის წარმომადგენლები, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესების დამცველი პირები და სხვა.

 

 

5. ბიზნეს სექტორის საჭიროებების კვლევა

დამსაქმებელთა საჭიროებების და დასაქმების ბაზრის ანალზის პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან. პროექტი წარიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა მხარდაჭერით.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა შრომის ბაზრის გამოწვევებზე. კვლევის ფარგლებში მათ დაურიგდათ სპეციალურად შედგენილი ანკეტები, რომელთა შევსებული ვარიანტები დაბრუნდა შემდეგი სექტორის წარმომადგენლებისგან:

  • საფინანსო-საბანკო;
  • საცალო ვაჭრობა;
  • საბროკერო და აუდიტორული საქმიანობა;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა
  • სოფლის მეურნეობა;
  • კვების მომსახურება
  • დაზღვევა
  • ფარმაცია

კვლევის ფარგლებში ორგანიზაციებმა დაასახელეს უალხოესი 1 წლის განმავლობაში მოთხოვნადი პროფესიები.

საბოლოო ანგარიშით, მიღებული შედეგები გამოსაყენებელი წყარო გახდა დასაქმების კანონის შემუშავების პროცესში.

 

 

6. პროფესიული განათლების მიმართულებით კერძო სექტორის ინტერესების წარმოჩენა და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესების კონსულტირების პროექტი.

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის ინტერესების წარმოჩენასა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას პროფესიული განათლების სისტემაში. პროექტის ფარგლებში პალატა, სექტორულ ასოციაციებთან ერთად, შეისწავლის ბიზნესის საჭიროებებს და ხელს შეუწყობს მათზე მორგებულ პროფესიული განათლების სერვისების დანერგვას. ამასთან, ამავე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, კერძო სექტორი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში კვლევითი კომპონენტის კონსულტირება ხორციელდება ადამიანის უფლებების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მარინე თავართქილძის მიერ.

 

 

7. ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები

ბავშვის უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, წარმოიქმნა მთელი რიგი პრაქტიკული და თეორიული საკითხები, რომლებიც განმარტებებს საჭიროებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარებით, რომლებიც მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, სოფო კილაძემ და პაატა ტურავამ წარმოადგინეს ბავშვის უფლებათა კოდექსის ის პრაქტიკული და თეორიული საკითხები, რაც ამ საკანონმდებლო აქტის რთულ და მრავლისმომცველ სტრუქტურას ნათელს მოჰფენს, როგორც აკადემიური წრეებისთვის, ასევე, ბავშვის უფლებათა სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. კომენტარები მომზადდა ადამიანის უფლებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში წარმოებულ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით.

 

 

ასევე, იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის მიერ ან ჩართულობით განხორციელებული პროექტების შესახებ.

 

2018 წელი - სოფიო კილაძის საჯარო ლექცია

 

2018 წელი - ანა ფირცხალაშვილისა და გიორგი მირიანაშვილის მონოგრაფიის წარდგენა

 

2019 წელი - ანა ფირცხალაშვილის ლექცია ვურცბურგის უნივერსიტეტში

 

2019 წელი - ვიზიტი ლაზარსკის უნივერსიტეტში

 

2019 წელი - სერგი ჯორბენაძის ახალი გამოცემა „სოციალური მედიის სამართალი“

 

2019 წელი - ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარების წარდგენა

 

2020 წელი - გაიცანით კონკურსის გამარჯვებულები!

 

2021 წელი - სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ადამიანის უფლებები მულტირელიგიურ საქართველოში“

 

2022 წელი - „ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“ - გრუნის ახალი გამოცემა

 

2022 წელი - “სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში“ - გრუნის ახალი სამეცნიერო ნაშრომი

 

2023 წელი - გაეროს ბავშვთა ფონდი გრუნის პარტნიორი გახდა