18 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარების ოფიციალური წარდგენა.
კომენტარები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორის სოფო კილაძისა და პროფესორ პაატა ტურავას ერთობლივი ნაშრომია, რომელიც ხელს შეუწყობს კოდექსის სწორად გაგებასა და გამოყენებას, ამასთანავე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კოდექსის ნორმების პრაქტიკაში დამკვიდრების საქმეში, დაეხმარება ბავშვის უფლებების სწავლების პროცესს და სამეცნიერო კვლევებს ამ სფეროში.
ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს და ქმნის ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას.
პრეზენტაციაზე კომენტარების ერთ-ერთმა ავტორმა სოფო კილაძემ აღნიშნა: „ჩვენი მიზანია სახელმძღვანელო კომენტარებმა ხელი შეუწყოს კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბავშვებისათვის, მათი ოჯახებისა და მშობლებისათვის, რათა იცოდნენ საკუთარი უფლებები, იცოდნენ როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ უზრუნველვყოთ მათი ინტეგრაცია სხვადასხვა პროცესში, მათ შორის, განათლებაში. კომენტარები, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვის უფლებებზე“.
ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები გაეროს ბავშვთა ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი მხადაჭერით გამოიცა.
„კომენტარები უდავოდ დაეხმარება ამ საკითხებით დაინტერესებულ პროფესიონალებს, სოციალურ მუშაკებს, ბავშვებს. მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მის გამოცემას“ - მამუკა თავხელიძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი.
კომენტარების პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის იმ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომლებიც მუშაობენ ბავშვის უფლებების მიმართულებით, მოსამართლებები, ექსპერტები.
კომეტარების წარდგენის ცერემონიას დისტანციურად თვალს ადევნებდნენ სტუმრები ჟენევიდან, მეცნიერები, სოციალური მუშაკები და ამ საკითხებით დაინტერესებული სტუდენტები.
ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარების წარდგენა პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.