იტვირთება...
გრუნის სტუდენტი - მდგრადი განვითარების საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი - მდგრადი განვითარების საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა, სოფო თუმანოვმა, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალურ ღონისძიებაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წარადგინა. ფინალური ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 17 ფინალისტი გუნდი მონაწილეობდა.

 

მდგრადი განვითარების ოლიმპიადა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებული ინოვაციური ბიზნესკონცეფციების შემუშავების, განვითარებისა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

 

სოფო თუმანოვმა ფინალურ ეტაპზე წარადგინა საკუთარი ბიზნესკონცეფცია - Farmer’s Helper. პროექტი ორიენტირებულია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაზე, რაც ფერმერებს რესურსების ეფექტიანად მართვასა და გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.

 

ფინალისათვის მზადების პროცესში გრუნის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ფინალისტებისთვის განკუთვნილ სესიებში. შეხვედრებს უძღვებოდნენ მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და საინვესტიციო სტრატეგიების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, მათ შორის: ენდი სტეინი - Stein Sustainability LLC-ის დამფუძნებელი; თეოფილუს უელინგტონი - მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტი; ჯუდით მარსელო მოტა - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობისა და შეფასების მიმართულების მენეჯერი და იური კარვალიო - მდგრადი განვითარების ლიგისა და მდგრადი განვითარების ოლიმპიადის თანადამფუძნებელი.

 

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობამ სოფოს შესაძლებლობა მისცა, მიეღო საერთაშორისო პროფესიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება, გაცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და დარგის ექსპერტების საქმიანობას, გაეზიარებინა მათთვის საკუთარი ხედვები და დაემყარებინა ახალი პროფესიული კავშირები. ამასთანავე, მან საკუთარი ბიზნესკონცეფცია საერთაშორისო აუდიტორიას, მათ შორის, პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს წარუდგინა, რაც პროექტის შემდგომი განვითარების, შესაძლო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების ოლიმპიადას უკვე მეორედ მასპინძლობს. სოფო თუმანოვი საერთაშორისო კონკურსისათვის გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სოციალური მეწარმეობის ლაბის (SE Lab) ფარგლებში ემზადებოდა. პროექტზე მუშაობის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ლიბრა ალიანსის დამფუძნებელი და გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი, ასევე, ცენტრის გუნდის წევრები - თამარ ბიწაძე, ნინო საჩალელი და მარიამ გურეშიძე.

 

აღნიშნული გამოცდილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ღირებულებებსა და მისწრაფებას, სტუდენტებს შესთავაზოს პრაქტიკაზე, ინოვაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროდუქტი.