მიმდინარე წლის 11 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანის უფლებები მულტირელიგიურ საქართველოში“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები.
სტუდენტებმა: ნია ქავთარაძემ, ზარინა ფარტენაძემ, თამუნა მუსხელიშვილმა, ეკატერინე აბაშიძემ, ამირან მახარაშვილმა, ლიზი ქათამაძემ, დავით სორდიამ, თინათინ ლობჯანიძემ, ნინო ცხოვრებაძემ, ხატია ნეკაშვილმა, ელისო ცირამუამ და რუსუდან შანთაძემ ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და სხვადასხვა კონფესიათა მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ, დაიმოწმეს საინტერესო ფაქტები ისტორიიდან, შეაფასეს დღევანდელი ვითარება და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები ყოველივე ამის შესახებ. თითოეული მოხსენება ეფუძნებოდა სიღრმისეულ მსჯელობას, ანალიზსა და ჩატარებულ კვლევას, სტუდენტების მიერ გამოითქვა საინტერესო რეკომენდაციებიც.
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ:
- დიანა ტყებუჩავა- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- მერი ლომია - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები:
- რელიგიური ნეიტრალიტეტის სამართლებრივი ასპექტები;
- ქართული კულტურის დესპანები ისრაელში;
- სადღეისო პრობლემებიდან აჭარაში;
- დაობლებული სალოცავები ოკუპირებული აფხაზეთის მიწაზე;
- რომის ეკლესიის შვილები და მეგობრები საქართველოში;
- მეგობრობის 26-საუკუნოვანი ისტორია (იუდეველები);
- მემედ აბაშიძე: „სამუსლიმანო საქართველო საქრისტიანოს განუყოფელი ნაწილია“;
- ეთნოკონფესიური რეალობა საქართველოში;
- კათოლიციზმი საქართველოში;
- „სექტა“ - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სივრცეში არსებული გამოწვევა;
- თურქული სერიალების პოპულარობა საქართველოში და მისი როლი ისლამური რელიგიის შეცნობის საქმეში.
კონფერენციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი გიორგი მირიანაშვილი, ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო - tკვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - მაია ნადარეიშვილი;
საპატიო სტუმრის სტატუსით კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ:
პროფ. რეზო ბალანჩივაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის, პოლიტოლოგიისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი;
პროფ. პაატა-აბრაამ იოსებაშვილი, ორგანიზაცია „მეგობრობის მერიდიანების“ დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, ქართული კულტურის დესპანი ისრაელში, აკადემიკოსი;
დავით ჭელიძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, სერგეი მესხისა და ნოდარ გუგუშვილის პრემიების ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის დაჯილდოებულია საქართველოს სპორტის აკადემიის ოქროს მედლით.
მოწვეულმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს სტუდენტების ნაშრომებს.
უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ საგანგებოდ აღნიშნა თითოეული ნამუშევარი, შეაქო სტუდენტები იმ ძალისხმევისათვის, რაც მათ მოხსენებების მომზადებას მოანდომეს და აღნიშნა, რომ ამგვარი კონფერენციები ცოდნასთან ერთად სტუდენტებს სძენს სხვადასხვა კომპეტენციას, რაც მათ, როგორც სპეციალისტებს, ისე მოქალაქეებს, უდავოდ გამოადგებათ და უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულებას სწორედ ეს არის.
რექტორმა, ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელებს. მისი გადაწყვეტილებით, კონფერენციის მასალები გამოიცემა კრებულად.