5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილისა და სამართლის სკოლის ასისტენტის გიორგი მირიანაშვილის მონოგრაფიის - "ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში", წარდგენა.
მონოგრაფია ეძღვნება სამართლებრივ სიკეთეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანის - ადამიანის უფლებების დაცვას. სწორედ ეს უკანასკნელი არის ევროპული კავშირის, როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაციის, შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და იმავდროულად, მისი საფუძველი.
მონოგრაფიაში განხილულია ევროპული კავშირის სამართლისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხები: ევროპული კავშირის მიერთება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე; ეროვნული სამართლის ევროპიზაციიდან ევროპული სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე; ეკვივალენტური დაცვის დოქტრინა და მისი გავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და სხვა.
გამოცემის რედაქტორია ზაზა თავაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
მონოგრაფია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაიბეჭდა.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge