“სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში“ - გრუნის ახალი სამეცნიერო ნაშრომი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში“ - გრუნის ახალი სამეცნიერო ნაშრომი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კველევითმა ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მოამზადა და გამოსცა ნაშრომი - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში“, რომლის ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართა.

 

ნაშრომი ეძღვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური და ეკონომიკური უფლებების, მისი დაცვის მექანიზმების, კანონმდებლობის აღსრულებისა და ეფექტიანობის მეცნიერულ შესწავლასა და ანალიზს.

 

ნაშრომის ავტორები არიან: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი მარინე თავართქილაძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე - რექტორი, სამართლის დოქტორი - ანა ფირცხალაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი შოთა შაბურიშვილი.

 

ნაშრომის პრეზენტაციაზე ავტორებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზება, დაბალია ამ სფეროში სამთავრობო პროგრამების ეფექტურობა და შესაბამისად, არასახარბიელოა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ყოფაც.

 

სოციალური სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი სამართლიანი გადანაწილების პრინციპია. ნაშრომზე მუშაობისას სწორედ ამ პრინციპზე გამახვილდა ყურადღება და სიკეთეების თანაბარ და სამართლიან გადანაწილებაზე გაკეთდა კვლევის ძირითადი აქცენტები.

 

სიტყვით გამომსვლელებმა:

მერაბ ტურავამ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა თავხელიძემ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ სარჯველაძემ - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა სეფაშვილმა - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ბეციაშვილმა- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნინო ველთაურმა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნათია დაღელიშვილმა ეკონომიკის დოქტორმა, გრუნის ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნეს, რომ ნაშრომში განხილულია აქტუალური საკითხები: სოციალურად დაუცველის კატეგორიაში ინდივიდის მოხვედრის შანსები, ინდივიდების სოციალურად დაუცველ კატეგორიაში მოხვედრის რისკები, ყოველკვირეული დასვენებით სარგებლობის უფლების დარღვევა და სხვა მოდელები, რომელთა შესწავლისა და ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გააუმჯობესებს ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვას საკანონმდებლო დონეზე.

 

ნაშრომის მნიშვნელოვანი შენაძენია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და სამოქალაქო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სექტორებისათვის, ასევე, პრაქტიკოსებისა და სტუდენტებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეგულირების ინსტრუმენტების გასაცნობად, სხვადასხვა საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის მასალების მოსამზადებლად.