გაიხსნა გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაიხსნა გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი


უნივერსიტეტში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის ბიუსტის გახსნის ცერემონიალი, რომელიც მიეძღვნა დიდი მწერლისა და მოაზროვნის დაბადების 135-ე წლისთავს. ღონისძიებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ გაგუა, უნივერსიტეტის სტუდენტები და ქალბატონი დოდო ჭირაქაძე.

 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მოწვეულ სტუმრებთან და სტუდენტებთან ერთად, საზეიმოდ გახსნა გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი.

 

დამსწრეთა განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია, სვეტიცხოველში ანთებული სანთლებით ხელში, ახალგაზრდა სტუდენტი დედების შემოსვლამ, რომლებმაც, ტრადიციისამებრ, აღასრულეს გრიგოლ რობაქიძის ანდერძი “…ჩემი ნატვრაა როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”

 

დასასრულს, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკე კახაბერ არონაშვილს, რომელმაც საკუთარი ნამუშევარი, გრიგოლ რობაქიძის სკულპტურა აჩუქა უნივერსიტეტს.

 

ესოდენ მნიშვნელოვანი საჩუქრისა და სტუდენტი-ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის კახაბერ არონაშვილს გადაეცა საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი.

 

ბოლოს, გაიმართა გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

 

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი, რამდენადაც ცნობილია, ერთადერთია საქართველოში.