იტვირთება...
გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო საგარეჯოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო საგარეჯოში


საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ლიტერატურული მარათონის - „მატარებელი თბილისი - გაგრა” - ფარგლებში, გაიმართა სამართლის დოქტორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორისა და პოეტის, გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო.

 

პოეტის ბავშვობის, შემდეგ კი დევნილობის პირველი წლები საგარეჯოს უკავშირდება, რომელიც მან - მამიდის - ნატრული (ნატო) ოჩიგავას - ოჯახში გაატარა. სწორედ ამიტომ შემოქმედებითი საღამო მის ხსოვნას მიეძღვნა.

 

საღამოს მუსიკალურ-ლიტერატურული ნაწილი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის, გოჩა ოჩიგავამ საკუთარი ლექსები და მუსიკალური კომპოზიციები შვილებთან - ლუკასა და ილიასთან, ერთად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

 

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ავტორის ნამუშევრების პერსონალური გამოფენაც მოეწყო. აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილმა საარქივო და დოკუმენტურმა მასალამ, ეკრანზე გაცოცხლებულმა უნიკალურმა კადრებმა, დამსწრე საზოგადოებაში დიდი ემოცია გამოიწვია.

 

ღონისძიება გახსნა მანანა გორგიშვილმა, მწერალთა კავშირის პრესმდივანმა, რომელმაც საგარეჯოელებს გოჩა ოჩიგავას ახალი კრებულები გააცნო, ისაუბრა პოეტის გამორჩეულ ხელწერასა და უნიკალურ ნიჭზე, რომელიც მკითხველს აახლოებს მის მშობლიურ აფხაზეთთან.

 

შემოქმედებითი საღამო მუსიკალურად გააფორმა საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა სტუდიამ „მირელა“ (ხელმძღვანელი - მარინა ურდულაშვილი).

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეჯოს საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები. კულტურის სფეროს წამომადგენლები. გრუნის პროფესორი მათ უნივერსიტეტში შექმნილ შესანიშნავ სასწავლო გარემოსა და თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებ ესაუბრა და ახალგაზრდებს გრუნის სახელით სამახსოვრო საჩუქრები და ატრიბუტიკა გადასცა.

 

საინტერესო საღამოსათვის საგარეჯოს კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა, ბესიკ ღვინაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, არჩილ ჯაბადარმა გოჩა ოჩიგავას მადლობის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მადლიერება გამოხატა თბილისიდან ჩამოსულმა სტუმარმაც, აკადემიკოსმა ლიანა ქართველიშვილმა.

 

გრუნის პროფესორმა საგარეჯოს ბიბლიოთეკასა და მეორე საჯაროს სკოლას გრუნის მიერ გამოცემული მისი ლექსების სამი კრებული გადასცა.

 

გრუნი მადლობას უხდის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, გრუნის პროფესორის მოწვევისა და შემოქმედებითი საღამოს ორგანიზებისათვის.