2026 წლის 5-10 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნინო ლიპარტია, მონაწილეობდა მე-11 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც, მედიცინის სამართლისა და ბიოეთიკის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე.
სამეცნიერო ფორუმში დისტანციურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები და განიხილავდნენ თემას: „ციფრული ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და ჯანდაცვა".
საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ნინო ლიპარტიამ და სამართლის დოქტორმა - იოსებ გაბარაევმა, წარადგინეს მოხსენება: „სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი პასუხისმგებლობა: ვინ აგებს პასუხს, როდესაც სამედიცინო AI შეცდომას უშვებს?".
მოხსენებაში განხილულია მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი პრობლემა - პასუხისმგებლობის განაწილება მაშინ, როდესაც ზიანი გამოწვეულია არა ადამიანის, არამედ ავტონომიური თუ ნახევრად ავტონომიური სამედიცინო AI სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ან რეკომენდაციით. მომხსენებლებმა შედარებით-სამართლებრივი მეთოდით გააანალიზეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეჟიმები ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანიის სამართლის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დელიქტური პასუხისმგებლობის ტრადიციულ პრინციპებსა და მათ მორგებას AI-სპეციფიკურ გამოწვევებთან, კერძოდ: მიზეზობრივი კავშირის დამტკიცების სირთულეს, გამჭვირვალობის ნაკლებობას ("შავი ყუთის" პრობლემა) და პასუხისმგებლობის სუბიექტთა სიმრავლეს (მწარმოებელი, ჯანდაცვის პროვაიდერი, ალგორითმის დეველოპერი).
ცალკე იქნა განხილული ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო - მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ რეგლამენტი და მისი გავლენა მაღალი რისკის სამედიცინო სისტემებზე, ასევე, პროდუქტის პასუხისმგებლობის რეფორმირებული დირექტივა, რომელიც ცდილობს მოერგოს პროგრამული უზრუნველყოფისა და თვითსწავლადი სისტემების სპეციფიკას. მომხსენებლებმა წარადგინეს ე.წ. „გაზიარებული პასუხისმგებლობის მოდელი", როგორც ალტერნატიული სამართლებრივი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის პროპორციულ განაწილებას ჩართულ მხარეებს - ექიმს, სამედიცინო დაწესებულებასა და ტექნოლოგიის შემქმნელს შორის - მათი შესაბამისი როლისა და კონტროლის ხარისხის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საექიმო სტანდარტის გადააზრების საკითხმა იმ პირობებში, როდესაც ექიმი იზიარებს ან უგულებელყოფს AI სისტემის რეკომენდაციას. მოხსენება, ასევე, შეეხო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საზღვრებს იმ შემთხვევებში, როდესაც სამედიცინო AI-ის შეცდომა იწვევს პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან, მკვლევრებთან და პრაქტიკოსებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო აკადემიური თანამშრომლობისათვის. საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი იდეების გენერირებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევების ერთობლივ გააზრებას.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ნინო ლიპარტია მიიწვიეს მედიცინის სამართლისა და ბიოეთიკის კვლევის ლაბორატორიის ვიცე-დირექტორის, პროფესორ ტრიანტაფილია (ლინა) პაპადოპულუსის ინიციატივით.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა