2026 წლის 2 ივლისს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში დასრულდა მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის - IMISCOE - ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც მიგრაციის კვლევების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმია.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევების ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა.
გრუნის დოქტორანტმა და IMISCOE-ს ქსელის ექსპერტმა დოქტორანტთა ვორკშოფზე: „საზოგადოება და ცნობისმოყვარეობა კვლევით პროცესში“, კოლეგებს გაუზიარა თავისი მოსაზრება მკვლევრის შინაგან მისწრაფებებსა და მხარდამჭერ აკადემიურ წრეებს შორის არსებული ფუნდამენტური კავშირების შესახებ, რაც წარმატებული და მდგრადი კვლევითი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.
კონფერენციის პარალელურად, ლელა გოგინავამ მონაწილეობა მიიღო სესიაში: „ენა, სწავლება და კუთვნილება მიგრაციისა და დიასპორის კონტექსტში“. მონაწილეებმა ენა განიხილეს არა მხოლოდ როგორც ინტეგრაციის ინსტრუმენტი, არამედ როგორც წინააღმდეგობისა და იდენტობის დინამიკური სივრცე. სესიაზე დაიგეგმა სპეციალური გამოცემის მოსამზადებელი აქტივობები, რომლის რედაქტორთა ჯგუფში გრუნის ასისტენტ-პროფესორიც იქნება. სესია 2025 წლის ლისაბონის ვორქშოფის გაგრძელებაა, რომელიც ლელა გოგინავას თანაორგანიზატორობით გაიმართა.
გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევების ცენტრის დირექტორს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა კონფერენციის სხვადასხვა პარალელურ სესიას მიგრაციის კვლევების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ინტენსიურმა აკადემიურმა კომუნიკაციამ ხელი შეუწყო ახალი კავშირების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მკვლევრებთან და საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ფარგლებში.
ჟირონაში მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა კიდევ უფრო აძლიერებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ავტორიტეტს საერთაშორისო აკადემიურ წრეებში და მყარ საფუძველს ქმნის გლობალური თანამშრომლობისთვის.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა