იტვირთება...
სტუდენტური კრებულების პრეზენტაცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კრებულების პრეზენტაცია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ბიზნესადმინისტრირების სტუდენტებმა: ბარბარე ტონიამ, მარიამ ქორთიევმა, კესო შეყილაძემ, ანა გოგუაძემ, მარიამ ჩაფიძემ, გიგი ბალიანმა, ქეთი ებილაშვილმა, შორენა ბარბაქაძემ, ნანა ყაზარაშვილმა - მეგობრებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარადგინეს ორი კრებული: ,,გზა ცოდნიდან წარმატებამდე” და „ შემცვლელი“, რომლებიც მათი შრომის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კვლევითი ინტერესების შედეგია.

 

წიგნები პროფესორ არჩილ გამზარდიას ხელმძღვანელობით მომზადდა და საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში გამოიცა.

 

ორივე წიგნის მთავარი სამიზნე სტუდენტი - ახალგაზრდები არიან.

 

კრებულში - „სტუდენტური მენეჯმენტის გასაღები - გზა ცოდნიდან წარმატებამდე“ - ახალგაზრდები განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებიც თავად აწუხებთ, განიცდიან, აგვარებენ ან ვერ აგვარებენ, თუმცა გამოცდილებას იძენენ და უზიარებენ მეგობრებს, თანატოლებს, მკითხველს.

 

კრებული - „შემცვლელი“, ორგანიზაციული ქცევის, სოციალური ფსიქოლოგიისა და ადამიანური რესურსების მართვის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება. ეს არის წიგნი სისტემასა და ინდივიდს შორის უხილავი ბრძოლის შესახებ, სადაც სიმართლე ხშირად ზედმეტია, ხოლო მორჩილება - ფასეული. წიგნი სვამს კითხვას: ვრჩებით შემცვლელები თუ ვხდებით შემქმნელები.

 

წიგნებზე მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელია საკუთარი იდეების გაზიარება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და პროფესიული უნარების შეძენა. განსაკუთრებით სასიხარულოა მუშაობის პროცესში სტუდენტების მონდომების, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის ხილვა, რაც ნაშრომებშიც იგრძნობა.

 

გრუნი განაგრძობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების მხარდაჭერას, რადგან განათლების პროცესი მხოლოდ ცოდნის მიღებას არ გულისხმობს, ეს არის გარემო, სადაც იბადება იდეები, ყალიბდება ღირებულებები და იზრდებიან მომავალი პროფესიონალები.

 

პროექტის მონაწილე სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელს კიდევ არაერთ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ!