იტვირთება...
გრუნი - საზოგადოების სამსახურში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - საზოგადოების სამსახურში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2023 წლიდან ჩართულია ERASMUS+-ის საერთაშორისო პროექტში - LIFESTREND, რომლის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნასა და სიცოცხლის გადარჩენის პრაქტიკული უნარების განვითარებას.

 

2026 წლის 15–18 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობამ პროექტის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა. დისემინაციის ეტაპის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და უკრაინიდან.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის: აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის უფროსი სპეციალისტი და გრუნის ასოცირებული პროფესორი ირაკლი აბაშიძე; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გრუნის ასოცირებული პროფესორი ნინო ხახუბია; კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი, გრუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი გოგიტიძე; ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ამირან მესხიშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე - გულო თურმანიძე.

 

კონსორციუმის წევრებმა წარმოადგინეს პროექტის შემაჯამებელი ანგარიშები, განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის გავლენას ადგილობრივ თემებზე, მიღებული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას.

 

17 ივნისს კონსორციუმის წევრები საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში — რუხში, წალენჯიხასა და ფახულანში, იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს, განიხილეს გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირება, რასაც კრიტიკულ მომენტში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

პროექტის წარმატებით დასრულებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საქმეში.