იტვირთება...
ინდოეთის ელჩი საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინდოეთის ელჩი საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ინდოეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ამიტ კუმარ მიშრა. ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, მედიცინის სკოლის წარმომადგენლებსა და ინდოელ სტუდენტებთან.

 

ვიზიტის პირველი ნაწილი დაეთმო სამუშაო შეხვედრას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან, ინტერნაციონალიზაციის საკითხებში რექტორის მოადგილესთან თამარ ლაღიძესთან და მედიცინის სკოლის დეკანთან გიორგი ბერიასთან. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, მედიცინის სკოლის სამომავლო განვითარების გეგმები და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც უნივერსიტეტი ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიცინის პროგრამის შინაარსს, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, თანამედროვე სამედიცინო განათლების გამოწვევებსა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს მზარდ როლზე საერთაშორისო სამედიცინო განათლების სივრცეში და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქვეყანა სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს.

 

ვიზიტის ფარგლებში ელჩი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სიმულაციური და კლინიკური უნარების ცენტრსაც სტუმრობდა, გაეცნო თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურას, სიმულაციური სწავლების შესაძლებლობებსა და პრაქტიკული უნარების განვითარების მექანიზმებს, მედიცინის სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, რომლებიც გამოიყენება მომავალი ექიმების პროფესიული და კლინიკური კომპეტენციების ფორმირებისათვის.

 

ამასთან ერთად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ელჩს გააცნო საუნივერსიტეტო კლინიკა „პინეოს“ როლი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კლინიკურ ეკოსისტემაში, მისი მნიშვნელობა სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისა და კლინიკური სწავლების პროცესში. მხარეებმა, ასევე, დაგეგმეს ცალკე ვიზიტი „პინეოში“, რათა ელჩი ადგილზე გაცნობოდა კლინიკის ინფრასტრუქტურას, სამედიცინო სერვისებსა და უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო გრუნის ინდოელ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე თამარ ლაღიძე, მედიცინის სკოლის დეკანი გიორგი ბერია და სკოლის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, მათ შორის, სასწავლო პროცესი, აკადემიური მხარდაჭერის მექანიზმები, საქართველოში ცხოვრების პირობები, ბინადრობისა და მიგრაციის საკითხები, სტუდენტური ინტეგრაცია და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისი.

 

ასევე, განიხილეს მედიცინის პროგრამის ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც სამედიცინო განათლებას ახლავს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდებისთვის მომზადების აუცილებლობაზე, პროფესიული დისციპლინის მნიშვნელობასა და იმ კომპეტენციებზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ექიმისთვის. სტუდენტებს განემარტათ, რომ მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვა და მუდმივი პროფესიული განვითარება წარმატებული სამედიცინო კარიერის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მთავარი მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს არა მხოლოდ ხარისხიანი თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება, რაც საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

 

ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მზაობა, გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა, ხელი შეუწყოს სტუდენტების წარმატებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განავითაროს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო განათლება.