იტვირთება...
თამარ ლაღიძე - NAFSA 2026 Annual Conference & Expo-ს მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თამარ ლაღიძე - NAFSA 2026 Annual Conference & Expo-ს მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, თამარ ლაღიძე, მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონფერენციაში - NAFSA 2026 Annual Conference & Expo, რომელიც აშშ-ის ქალაქ ორლანდოში გაიმართა.

 

NAFSA საერთაშორისო განათლების სფეროში მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი პროფესიული ასოციაციაა, რომლის ყოველწლიური კონფერენცია ათასობით უნივერსიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს. ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს ინსტიტუციებს, განავითარონ საერთაშორისო პარტნიორობა, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და იმსჯელონ უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

 

კონფერენციის ფარგლებში გრუნის რექტორის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სამუშაო შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

 

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს: სტუდენტური და აკადემიური მობილობის პროგრამები, Erasmus+-თან თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარება, საერთაშორისო კვლევითი ინიციატივები, ორმაგი დიპლომის პროგრამები და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელები.

 

საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულებით განვითარების სტრატეგიამ, ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამებმა, თანამედროვე სასწავლო და კვლევითმა ინფრასტრუქტურამ, უნივერსიტეტის კლინიკურმა ეკოსისტემამ - Pineo Medical Ecosystem, კლინიკური უნარებისა და სიმულაციის ცენტრმა, ასევე, უნივერსიტეტის აქტიურმა მონაწილეობამ საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის პროცესებში.

 

NAFSA 2026-ში მონაწილეობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაფართოებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში მონაწილეობას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნასა და საქართველოს, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის, განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას.