იტვირთება...
გრუნი ამერიკელ ექსპერტს - ჯოშუა მაკლევერს, მასპინძლობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი ამერიკელ ექსპერტს - ჯოშუა მაკლევერს, მასპინძლობს


2026 წლის 2 მარტს ამერიკის საელჩომ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა პროგრამის - “English Language Specialist”, ამერიკელი ექსპერტი - ჯოშუა მაკლევერი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან. ამერიკელ სტუმარს ახლდა საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე.

 

პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს ამერიკელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და დაწესებულებაში. 2026 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პრესტიჟული პროგრამის ერთ-ერთ მასპინძლად იქნა შერჩეული.

 

ვიზიტის ფარგლებში, გრუნის აკადემიური პერსონალისთვის, მათ შორის, ინგლისური ენის ლექტორებისათვის გაიმართება სემინარი: “ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება სწავლების პროცესში”, ასევე, ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებთან თბილისსა და ბათუმის წარმომადგენლობაში, დაგეგმილია ტრენინგები უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისთვისაც.

 

პროგრამის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გრუნის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან და რექტორის მრჩეველთან, ანა აბესაძესთან. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკელი სპეციალისტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა და მისი შესაბამისობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პრიორიტეტებთან. რექტორმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.