2025 წლის 15 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორების - მალხაზ ბაძაღუასა და მამუკა თავხელიძის მონოგრაფიის: „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“, წარდგენა.
ავტორების მიერ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში განხორციელდა კომპლექსური, დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევა, რომელიც განიხილავს სამართლისა და პედაგოგიკის სფეროს აქტუალურ პრობლემებს: სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგია, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა მონოგრაფიის თანაავტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
მონოგრაფია წარადგინა თანაავტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მონოგრაფიის, როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომის, შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ავტორებს გაწეული შრომისათვის.
მონოგრაფია შეაფასეს:
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ;
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ;
- საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა რომან შენგელიამ;
- დამსწრე საზოგადოებას გააცნეს წიგნის რედაქტორის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის, წერილი;
- წიგნის რეცენზენტებმა: პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლუბა ბიბილეიშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მამნიაშვილმა;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, აღნიშნული პროექტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.
წარდგენის დასასრულს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ: საქართველოს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივა ბერაძესა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თენგიზ რუხაძეს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI