2025 წლის 9 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, სამართლის დოქტორის, იურისტთა მრავალი თაობის აღმზრდელისა და პედაგოგის, უნივერსიტეტის პროფესორის - დავით ძამუკაშვილის, სამეცნიერო კრებულების: „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემები მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც აკადემიური / სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისათვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და ამ საკითხებით დაინტერსებული საზოგადოებისათვის.
„შრომის სამართალი“ (მე-6 გადამუშავებული გამოცემა), რომელიც უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გამოიცა, ასახავს საქართველოს შრომის კოდექსის ბოლო ცვლილებებს, რის შედეგადაც მოწესრიგდა შრომითი და შრომასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც უკვე სრულად შესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
„ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“ თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული ნაშრომია, რომელშიც აღწერილია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები. შედარებითი ანალიზის საფუძველზე, მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამართლისა და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორის ოჯახის წევრები.
პროფესორმა დავით ძამუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი ნაშრომები წარუდგინა.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორებმა: მალხაზ ბაძაღუამ, რომან შენგელიამ, ვახტანგ ჭარაიამ, გულნაზ გალდავამ, მაკა ძამუკაშვილმა, როინ მიგრიაულმა, ზურაბ ლომსაძემ, ბელა ბალხამიშვილმა და ზაქარია ჭიკაძემ ისაუბრეს მისი ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებისა და ზოგადად, ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ და მადლობა გადაუხადეს პროფესორს ამ ფასდაუდებელი შრომისათვის.
ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორ დავით ძამუკაშვილის აღზრდილი, სამართლის დოქტორი თორნიკე მერებაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI