იტვირთება...
GRUNI & TAMU - ლიდერობის ახალი, ინოვაციური, პროგრამა დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI & TAMU - ლიდერობის ახალი, ინოვაციური, პროგრამა დაიწყო


2025 წლის 2 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე გაცხადებული, ინოვაციური პროგრამის - “Thinking Outside the Leadership Box”, მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

ტეხასის A&M უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმილი  პროექტი უპრეცედენტო ინიციატივაა, რომელიც სკოლის დირექტორებისა და უმაღლესი განათლების პროფესიონალებისთვის არის გათვლილი და მიზნად ისახავს ინოვაციური ლიდერული უნარების განვითარებას.

 

პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს 21 ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი და უმაღლესი განათლების პროფესიონალი სხვადასხვა რეგიონიდან. სკოლების გაძლიერებისა და განათლების ლიდერობის ხელშეწყობის მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სრულად დააფინანსა ხუთი სკოლის დირექტორის მონაწილეობა.

 

საინფორმაციო შეხვედრას ფასილიტაცია გაუწიეს: უიოკ ჰანსონმა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის პროექტის ლიდერმა; დოქტორ ჯიმ ლინჩმა, პროგრამის ინსტრუქტორმა; ანა აბესაძემ, გრუნის რექტორის მრჩეველმა და ნატო ჯავახიამ, პროგრამის მენტორმა.

 

ოთხთვიანი პროგრამა მოიცავს ლიდერობასთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის: გუნდის მოტივაციას, ეფექტურ კომუნიკაციას, პატივისცემისა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, ზრდაზე ორიენტირებულ ქოუჩინგს, კრეატიულ ლიდერობას, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის სრულყოფასა და ეფექტურ თანამშრომლობას ხელმძღვანელებთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან. თითოეულ მოდულზე გაიცემა ინდივიდუალური სერტიფიკატი, ხოლო მთელი პროგრამის განმავლობაში შესაძლებელია შვიდი სერტიფიკატის მიღება. პროგრამის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ჩატარდება ფიზიკურად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, დანარჩენი აქტივობები განხორციელდება ვირტუალურად.

 

გრიგოლ რობაქიძისა და ტეხასის A&M უნივერსიტეტები, პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად განაგრძობენ განათლების სპეციალისტებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შეუძლია გლობალურ თანამშრომლობას ადგილობრივი ლიდერობის გაძლიერება.