გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ტეხასის A&M უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განაახლა, შესაბამისად, გაგრძელდა ყველა ის ერთობლივი პროგრამა, რომელიც სამი წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება გრუნიში: კვლევითი სემინარები აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, TESOL პროგრამა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისათვის, ლიდერობის პროგრამა სკოლების ხელმძღვანელებისათვის.
2025 წლის 30 სექტემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე, მხარეებმა სკოლის დირექტორებისათვის გამოაცხადეს ახალი, ინოვაციური ლიდერობის პროგრამის - „Thinking Outside the Leadership Box“, დაწყების შესახებ, რომელიც შემუშავებულია დოქტორ ჯიმ ლინჩის მიერ ტეხასის A&M უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისთვის და უმაღლესი განათლების პროფესიონალებისთვის. ის ემყარება ინოვაციურ, ეთიკურ და კომუნიკაციურ მიდგომებს ლიდერობაში. გრუნის რექტორის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს ხუთი პარტნიორი სკოლის დირექტორის მონაწილეობას პროგრამაში. სულ აღნიშნულ პროექტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 20 სკოლის დირექტორი ჩაერთო.
შეხვედრაზე აღინიშნა TESOL პროგრამის დასრულების შესახებაც, საჯარო და კერძო სკოლების 10 პედაგოგს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისათვის გადაეცა ტეხასის A&M უნივერსიტეტის სერტიფიკატი, კურსი სრულად დააფინანსა გრუნიმ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დოქტორი ბევერლი ჯ. ირბი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის რეგენტთა პროფესორი და აკადემიური საკითხების უფროსი ასოცირებული დეკანი, წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები; ჰარვი სერნოვიცი, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და პარტნიორი სკოლების დირექტორები და ინგლისური ენის პედაგოგები.
ღონისძიება გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, რომელმაც ისაუბრა უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტის ერთგულება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლის, გაზიარების, პროფესიული განვითარებისა და ერთობლივი კვლევების მიმართ. პროექტის მონაწილეების მიერ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა ნატო ჯავახიას, TESOL პროგრამის მენტორის მიმართ, მისი დაუღალავი შრომისა და მოხალისეობრივი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლების. მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - ზვიად გაბისონიამ, მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს განხორციელებული პროექტებისათვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI