გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კოტას (რაჯასტანი, ინდოეთი) უნივერსიტეტთან. დოკუმენტი ეფუძნება ღიაობის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს და მიზნად ისახავს აკადემიური და კვლევითი სივრცეების გაერთიანებით ორმხრივი სარგებლის გენერირებას.
მემორანდუმი უზრუნველყოფს ერთობლივი პროექტების, ინიციატივებისა და სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ორივე ინსტიტუციის გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების აკადემიური საქმიანობას, კერძოდ:
- პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას;
- სტუდენტთა მობილობასა და ორმხრივ სწავლებას;
- ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- კვლევითი რესურსების, პუბლიკაციებისა და სასწავლო მასალების გაზიარებას;
- ბიბლიოთეკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ურთიერთწვდომას;
- საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და კვლევითი ფორუმების ორგანიზებას.
აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება არა მხოლოდ აკადემიური ხარისხის ამაღლებას, არამედ კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებასაც. ის ქმნის პლატფორმას, სადაც სტუდენტები და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან იძენენ ცოდნასა და გამოცდილებას.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო განვითარების პროცესს და ქმნის სივრცეს, სადაც ცოდნა სცდება გეოგრაფიულ საზღვრებს და ყალიბდება ახალი აკადემიური თანამშრომლობა.
მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.