2025 წლის 17-26 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტი ანდრია ახალკაციშვილი მონაწილეობდა საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში „Youth Enterprise Playground“, რომელიც ესპანეთის ქალაქ ვიკში გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში მეწარმეობრივი აზროვნების, ლიდერობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ ბიზნესიდეების გენერირებასა და მათ პროტოტიპებად გადაქცევაზე, აქტიურად განიხილავდნენ თანამედროვე მეწარმეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩართული იყვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში.
ამავდროულად, პროგრამამ შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს, გაცნობოდნენ სხვადასხვა კულტურას, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამების შესახებ და განევითარებინათ თავიანთი უნარ-ჩვევები.
პროექტი განხორციელდა Erasmus+-ის ფარგლებში, გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - GYDA-ს მხარდაჭერით.
პროექტში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები რუმინეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან.
გრუნი პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით მუდმივად სთავაზობს ახალგაზრდებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას, ასევე, უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებისა და გამოცდილების გამდიდრებას.