2025 წლის 18 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალის - „ქართული ემიგრაცია“, 2024 წლის ნომრის პრეზენტაცია.
ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი გამოცემა, მადლობა გადაუხადა ავტორებს გაწეული შრომისათვის, მათ შორის, სტუდენტებს, რომელთა სტატიები 2024 წლის ნომერში დაიბეჭდა.
ახალ გამოცემაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართულ ემიგრანტულ მწერლობას, ჟურნალისტიკასა და ემიგრანტულ მემკვიდრეობას.
გრუნის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჟურნალის შეუფერხებელი გამოცემისათვის და მადლობა გადაუხადა მის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს.
ქართველი ემიგრანტებისათვის ჟურნალის განსაკუთრებული მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ: „ქართველ ემიგრანტთა ყოფასთან, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული თემები ყოველთვის მაღელვებდა. მე აფხაზეთიდან გახლავართ და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი ნათესავი, მეგობარი, კოლეგა დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქმნის საკუთარ მომავალს. თუმცა, მათი კავშირი სამშობლოსთან უწყვეტია და ისინი დღესაც ელოდებიან მშობლიურ კუთხეში ღირსეულ დაბრუნებას. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი თქვენს გამოცემებს. ის არამარტო გრუნისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის წარმოადგენს სამეცნიერო ღირებულებას და ამასთან, მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ქმნის...“
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები, სტატიათა ავტორები (მათ შორის, სტუდენტები), მოწვეული სტუმრები.
ჟურნალი - „ქართული ემიგრაცია“