მედიაციის ცენტრმა წელიწად-ნახევრის შედეგები შეაჯამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრმა წელიწად-ნახევრის შედეგები შეაჯამა


2024 წლის 12 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრმა“ წელიწად-ნახევრის მუშაობა შეაჯამა.

 

ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ წარადგინა ახალი ლოგო და მისი კონცეფცია, ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც მედიაციის ცენტრმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა, ასევე, სამომავლო გეგმებისა და ახალი პროქტების შესახებ. ღონისძიება გამწვანებულ სივრცეში, უნივერსიტეტის ეზოში, სახალისო აქტივობებისა და სამხატვრო მასტერკლასის ფონზე მიმდინარეობდა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს საზოგადოებაში დიალოგისა და სამართლებრივი კულტურის განმტკიცებას. აღინიშნა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ადრეული ჩარევის მნიშვნელობის თაობაზეც, რაც საშუალებას აძლევს მხარეებს აირიდონ დავის ესკალაცია და შეინარჩუნონ სამომავლო ურთიერთობები.

 

მედიაციის ცენტრის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის როლს კონფლიქტების გადაწყვეტის მეგობრული და ეფექტური მექანიზმების პოპულარიზაციასა და დანერგვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჰარმონიული და სამართლიანი საზოგადოების შექმნას.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერა და ინტერესი ცენტრის საქმიანობის მიმართ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს: გრუნის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმ ა- ირაკლი გელოვანმა და საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - აკაკი საღირაშვილმა.