საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის - „კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის", მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს გააცნო მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, საგანგებოდ აღნიშნა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის შესახებაც.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში - დაგლას უებიმ; საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა, იურიდიული და საკონსულო განყოფილების უფროსმა - მიხაილ გრინიმ და პარტნიორი უნივერსიტეტის, გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ წარმოადგინა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების სახელმძღვანელო, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გამოიცა და არის
პირველი სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ნაწილში. კომენტარები მიზნად ისახავს მედიაციით დაინტერესებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების დასასრულს ასოციაციის თავმჯდომარემ და გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დააჯილდოვა.