გრუნი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროექტს.
ამ მიზნით 2024 წლის 27 მაისიდან განახლდა პრაქტიკული ინგლისური ენის ორთვიანი სასწავლო კურსი „Teen Academy “-ის მონაწილეებისთვის.
სასწავლო კურსი, რომელიც თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი, ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.
ორთვიან კურსს უძღვება ამერიკელი სპეციალისტი, ინგლისური ენის ექსპერტი, მაიკ მენსფილდი, რომელიც აშშ-ის საელჩომ პროგრამის - „English Language Fellow”, ფარგლებში მიამაგრა უნივერსიტეტს.
ორივე, ფიზიკურ და ვირტუალურ ჯგუფში, პირველი მეცადინეობა გაცნობითი ხასიათის იყო. ინგლისური ენის ექსპერტმა მოუსმინა მოსწავლეებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი, შემდეგ კი განსახილველი თემები გააცნო მონაწილეებს.
პირველი მეცადინეობა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა - მერი ლომიამ.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების სასაუბრო მეტყველების გაუმჯობესებას ინგლისურ ენაში, რაც საშუალებას მისცემს მათ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება შეძლონ.
აღნიშნული პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების მიზნით გრუნის კიდევ ერთი შეთავაზებაა.