მიმდინარე წლის 21-22 მარტს თბილისში გაიმართა ევროკავშირის პროგრამის „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერა“ ფინალური კონფერენცია.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მოწვევით, ღონისძიებას ესწრებოდნენ გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ხატია მარკოზაშვილი.
პროგრამის შედეგების შეჯამების გარდა, ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მიერ ევროპული საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების მიმოხილვა.
მხარეებმა არაერთხელ აღნიშნეს საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებების შესახებ:
- ხელოვნური ინტელექტი;
- ფაგები (ბიომედიცინა);
- აგრარული მიმართულებები.
ყურადღება გამახვილდა კვლევებში ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობაზე.
გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის უფროსს, გოჩა ოჩიგავას, მიეცა შესაძლებლობა შეკითხვებით მიემართა ჩეხეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებისთვის. შეკითხვები უკავშირდებოდა კვლევების ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩეხური და უნგრული მხარის ინტერესებსა და ინიციატივებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. ასევე, აღინიშნა გრუნის მიერ ორივე ქვეყნის სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის შესახებ.
გრუნის პროფესორები მადლობას უხდიან პროგრამის განმახორციელებელ გუნდს (პიტერ დებრეცენი, ნინო გაჩეჩილაძე, სალომე შარაშენიძე) მოწვევისა და ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.