2023 წლის 18 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღონისძიებაზე - "სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევა“, წარადგინა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი, რომელიც გრუნიში რამდენიმე თვის წინ დაარსდა.
ფონდის პრეზენტაცია გააკეთა მოწვეულმა ლექტორმა, პროექტისა და ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელმა რატი ქირიამ. მან აღნიშნა, რომ GRUNI-ს ეს ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ივაჭრონ ნიუ-იორკის (NYSE) საფონდო ბირჟაზე არა სიმულაციურ, არამედ რეალურ რეჟიმში, ნამდვილი ანგარიშებით და ნამდვილ დროში. ყოველკვარტალური ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. მიღებული მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება. პროექტი ბრიტანულ-ქართული გამოცდილების ნაზავია და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკას გაუზიარებს ქართველ ახალგაზრდებს. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა სტუდენტების გარდა აქვთ სკოლის მოსწავლეებსაც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამსწრე საზოგადოების, ისე ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.