გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებული სტუდენტური საინვესტიციო ფონდის ორგანიზებით 19, 20 და 22 დეკემბერს სკოლის მოსწავლეებისთვის მეორედ ჩატარდა “საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შესავალი კურსი“. პრაქტიკული აქტივობების სერიის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საფონდო ბირჟის, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისა და ვაჭრობის დინამიკის შესახებ; ადგილზე გაეცნენ როგორ ხდება მათთვის ცნობილი კომპანიების (Google, Microsoft, Amazon, Apple, Facebook, Tesla და ა.შ.) აქციებით ვაჭრობა, დემო ვერსიაში ივაჭრეს და დააკვირდნენ როგორ ხდება ბაზრის ანალიზი.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ თუ რა არის საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდები, როგორ ხდება იქ აქციების ყიდვა-გაყიდვა, რატომ ათავსებენ კომპანიები აქციებს გასაყიდად, როგორ და რატომ იცვლება აქციების ფასები და ა.შ.
მეორე შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება, აქციების ფასის პროგნოზირება, ბაზრის ანალიზი, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები ზემოქმედებს აქციების ფასზე რა დროს უნდა ვიყიდოთ/გავყიდოთ აქცია.
მესამე დღეს მონაწილეებმა დემო ვერსიაში ივაჭრეს გუნდურად. მათი ამოცანა იყო ოქროს ღირებულების ცვლილებაზე დაკვირვება და შესაბამისი გარიგებების განხორციელება. გუნდებს ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური ბიუჯეტი, 10 ათასი დოლარის ოდენობით და მათი მიზანი ამ თანხის გაზრდა გახლდათ. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
- გურამ ცივაძე, ცოტნე შერაზადიშვილი, ნინი სისვაძე, თბილისის 29-ე საჯარო სკოლა;
- თათა ხვედელიძე, ლელა კვენიაშვილი, თბილისის 175-ე სკოლა
- ლუკა ჩადუნელი, ოთო კახიძე, თბილისის 29-ე სკოლა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებული სტუდენტური საინვესტიციო ფონდი კვლავაც განაგრძობს მსგავს ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეების ფინანსური განთლების დონის ასამაღლებლად.