ინოვაციური და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება, თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ახალგაზრდა თაობის დაოსტატება - ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის საქმიანობის პრიორიტეტებია.
სულ ახლახან სკოლამ დაასრულა სწავლების კიდევ ერთი კურსი. სკოლის მსმენელები სხვადასხვა რეგიონის 10 უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგად შეირჩნენ. სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოცდაექვს წარჩინებულ ახალგაზრდას შორის გრუნის სტუდენტები: ნინი რატიანი და ნიკოლოზ ნაჭყებიაც, იყვნენ.
კურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პრაქტიკა და თეორია, ინოვაციური მიდგომები და გაიცნეს ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები. სკოლა დასრულდა სტუდენტების მიერ ჯგუფური პროექტების პრეზენტაციებით, მათ შორის იყო მოკლე ფილმი, რომელიც ასახავდა ტრადიციული სასამართლო პროცესის ხარვეზებს. მონაწილეებმა განიხილეს წინადადება მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მულტიდისციპლინური ცენტრის შექმნის შესახებ, ასევე, ვებგვერდის შექმნის იდეა, რომელიც გააერთიანებს პრაქტიკოსების, აკადემიკოსებისა და მოსამართლეების გამოცდილებას, რათა ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია ადვოკატთან კონსულტაციის გავლა, შესთავაზოს უფასო იურიდიული სერვისები.
ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის (ნიუ-იორკი) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.