სტუდენტური საინვესტიციო ფონდის უპრეცედენტო შეთავაზება მოსწავლეებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური საინვესტიციო ფონდის უპრეცედენტო შეთავაზება მოსწავლეებს


4, 5 და 8 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ უპრეცედენტო პროექტი შესთავაზა მოსწავლეებს.

 

პირველად საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „სტუდენტური საინვესტიციო ფონდისა“ და ტრეიდერების ჰაბის ერთობლივი ინიციატივით მოზარდებისთვის „საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის კურსი“ შეიქმნა. პარტნიორმა სკოლებმა მიიღეს ექსკლუზიური უფლება გაეცნოთ ეს პროცესი და მიეღოთ გამოცდილება საუნივერსიტეტო გარემოში.

 

პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ, რა არის საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდები, როგორ ხდება იქ აქციების ყიდვა-გაყიდვა, რატომ ათავსებენ კომპანიები აქციებს გასაყიდად, როგორ და რატომ იცვლება აქციების ფასები და ა.შ.

 

მეორე შეხვედრაზე განიხილეს როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება, აქციების ფასის პროგნოზირება, ბაზრის ანალიზი, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები ზემოქმედებს აქციების ფასზე, რა დროს უნდა ვიყიდოთ/გავყიდოთ აქცია. ადგილზე ნახეს როგორ ხდება მათთვის ცნობილი კომპანიების (Google, Microsoft, Amazon, Apple, Facebook, Tesla და ა.შ.) აქციებით ვაჭრობა, გაეცნენ ნიუ იორკის საფონდო ბირჟას.

 

მესამე დღეს მონაწილეებმა დემო ვერსიაში ივაჭრეს გუნდურად. მათი ამოცანა იყო ოქროს ღირებულების ცვლილებაზე დაკვირვება და შესაბამისი გარიგებების განხორციელება. გუნდებს ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური ბიუჯეტი, 10 ათასი დოლარის ოდენობით და მათი მიზანი ამ თანხის გაზრდა გახლდათ. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:

 

  1. თამარ ჯიხოშვილი, ლუკა ეფრემიძე - თბილისის 142-ე საჯარო სკოლა;
  2. გიორგი სარალიძე, მარია ჯანგიძე, ნიკო თოფურიძე - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა;
  3. გიორგი ქარდავა, ლუკა ონიანი - კერძო სკოლა “აია ჯესსი“.

 

გრუნი ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას!

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებული სტუდენტური საინვესტიციო ფონდი კვლავაც განაგრძობს მსგავს ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეების ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად.