სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული ტურიზმის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული ტურიზმის სტუდენტები


17 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა კურორტების განვითარების ხელშეწყობას, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ტურიზმისა და კურორტების განვითარებაში სტუდენტების ჩართულობას. ასევე, ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

 

კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა, აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სწორედ სტუდენტები გამოირჩევიან სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესით, კრიტიკული აზროვნებითა და ახალი იდეების საფუძველზე წარმატებული პროექტების შექმნის უნარით, ამდენად, მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციების გამართვა და ახალგაზრდების მოსმენა.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტები ლიზი ძიმისტარიშვილი და თეონა შავაძე ბათუმის წარმომადგენლობიდან. სტუდენტებმა, ასოცირებული პროფესორის- მაკა ფირანაშვილის, ხელმძღვანელობით, წარადგინეს კვლევა: “წყალტუბო, როგორც ევროპის დიდი სპა ქალაქების გაერთიანების წევრი: შესაძლებლობები და პერსპექტივები”.

 

კონფერენციის მოდერატორი იყო ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი გივი ყუფარაძე. კონფერენციის თემატურ მიმართულებებს წარმოადგენდა: ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტები;

 

ჟიურიმ 17 -იდან სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა, რომელთა შორის გრუნის ტურიზმის პროგრამის სტუდენტების კვლევითი ნაშრომიცაა.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციაზე წარმოდგენილი თეზისები კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ სპეციალურ სახელმძღვანელოში დაიბეჭდება.