გოჩა ოჩიგავას სამუშაო/კვლევითი ვიზიტი ჩეხეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გოჩა ოჩიგავას სამუშაო/კვლევითი ვიზიტი ჩეხეთში


გრუნის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა ოჩიგავა, 2023 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, სამუშაო/კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა პრაღაში. ის, როგორც უცხოელი ლექტორი, პრაღაში მიიწვიეს ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა შერჩევით. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ახალგაზრდები თვითონ განსაზღვრავენ მათთვის საინტერესო თემასა და მომხსენებელს. წელს ეს პატივი ერგო გრუნის პროფესორს.

 

ვიზიტი დაიგეგმა აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ცენტრისა და გრუნის თანადაფინანსებით. პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ პრაღაში წაიკითხა ლექცია: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი და დევნილთა უფლებები“. ლექციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას, სტუდენტებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ქართველმა მეცნიერმა ჩაატარა სტუდენტთა გამოკითხვაც, რომლის შედეგებს ის ახალ სამეცნიერო სტატიაზე მუშაობის პროცესში გამოიყენებს.

 

ვიზიტის ფარგლებში გრუნის პროფესორი შეხვდა პრაღის დედა უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, გააცნო მათ გრუნის სასწავლო პროგრამები და კოლეგები თბილისში მიიწვია. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კვლევითი პროექტებისადმი ინტერდისციპლინური და ინტერნაციონალური მიდგომის აუცილებლობის შესახებ, ასევე, ჩეხურ და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეთა უფრო მეტად დაახლოებაზე.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ თეა მაისურაძესთან. ორივე ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე საუბრის შემდეგ, გოჩა ოჩიგავას ინიციატივით, დაისვა საკითხი გრუნის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებისთვის საელჩოს ბაზაზე სპეციალური პრაქტიკული - სასწავლო კურსის (დიპლომატიური მიღება, დოკუმენტების წარმოება, ორმხრივი ხელშეკრულებები, საერთაშორისო ეტიკეტი და სხვ.) გავლის შესაძლებლობის შესახებ. ელჩმა გამოთქვა მზაობა, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ პროექტის მხარდაჭერის თაობაზე.