გრუნიში მასშტაბურად აღინიშნა მეცნიერების საერთაშორისო დღე. უნივერსიტეტმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კვლევითი ერთეულების მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა და ხელმძღვანელთა ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრას ორგანიზება გაუწია რექტორის მოადგილემ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.
ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ინიციატივით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასცოციაციასთან. მისმა თავმჯდომარემ - ბესიკ ობოლაძემ, მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მისი ავტორობით გამოცემული პუბლიკაციებიც გადასცა.
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარემ, ზურაბ ჭყონიამ, კავშირის საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
სამართლის მეცნიერთა კავშირის საქმიანობის ხელშეწყობისა და გრუნისთან თანამშრომლობის განმტკიცებისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.
გრუნის სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით უნივერსიტეტის სამომავლო გეგმების შესახებ. გაეცნენ მათთვის სახელდახელოდ მომზადებულ საინფორმაციო სტენდზე მოცემულ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს იმ ქართველ მეცნიერთა შესახებ, რომლებმაც შექმნეს ან განავითარეს მეცნიერების სხვადასხვა დარგი და კონკრეტული მიმართულებები.