ევროპის კულტურული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია პაფოსში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევროპის კულტურული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია პაფოსში


18-21 ოქტომბერს პაფოსში (კვიპროსი) ჩატარდა ევროპის კულტურული ტურიზმის XVI საერთაშორისო კონფერენცია „ჭკვიანი ტურიზმი/ჭკვიანი ტურისტული ადგილები“.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორები - მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე, ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გამსახურდია.

 

კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდნენ კვიპროსის ტურიზმის სამინისტრო და ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი (ECTN), რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული წევრი და ამ სფეროში მომუშავე ერთადერთი პანევროპული სტრუქტურაა, მისი წევრები არიან სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს ECTN-თან და 2023 წლიდან მისი წევრია.

 

კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა  მაკა ფირანაშვილმა პროფესორ ლამარა ქადაგიძესთან თანაავტორობით წარადგინა მოხსენება: „ციფრული და ჭკვიანი მიმართულებების პოტენციალი კულტურულ ტურიზმში: საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“, პროფესორმა თამარ გამსახურდიამ - „ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში მდგრადი ტურიზმის დაფინანსებისათვის“, მაია მელაძემ - „ჭკვიანი აპლიკაციები საქართველოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობის გაზრდისთვის“. ნაშრომი გრუნის შიდა საგრანტო პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული პროდუქტების გამოყენების კვლევა“, ნაწილია.

 

კონფერენციაში გრუნის პროფესორთა მონაწილეობით საქართველო ევროპაში წარმოჩინდა, როგორც კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რაც ხელს უწყობს ამ მიმართულებით ახალი ინოვაციებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

 

პროფესორები შეხვდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები.